საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება მრავალათასიან პროტესტს, რომელიც 28 ნოემბრიდან, ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მიმდინარეობს. სუს-ი აქციების მონაწილეებს აფრთხილებს, რომ „დესტრუქციული ქმედებები“ მათ მიერ განხილული იქნება „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის“ საქმის ფარგლებში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება.
მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვაცხადებთ, რომ დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, გამოძიების მიერ, განხილული იქნება მიმდინარე საქმის ფარგლებში“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნული გამოძიების შესახებ სუს-მა ინფორმაცია ოთხი თვის წინ გაავრცელა. უწყება აცხადებდა, რომ იძიებდნენ „უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ „დღეს თბილისი ფერადი რევოლუციის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობის წინაშე დგას“.
