სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო. საქმე კენჭისყრის ფარულობის მასობრივად დარღვევას ეხება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სასამართლო ხაზგასმით გვამცნობს, რომ საჩივარს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს“, – აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

უფლებადამცველ ორგანიზაციაში აღნიშნავენ, სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი საჩივრები არსებითად განსხილველად მცირე დროში მიიღო, რაც ხაზს უსვამს საქმის პრიორიტეტულობას და „იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა და საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები“.

სტრასბურგის სასამართლომ სამი საჩივარი გააერთიანა და საქმის განხილვა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლისა (თავისუფალი არჩევნების უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) ფარგლებში.

სასამართლო ასევე იმსჯელებს, არღვევს თუ არა ხმის მიცემის უფლებას საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა.

სახელმწიფომ უნდა უპასუხოს სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს პოზიცია, თუ რამდენად იყო ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებულ უბნებზე თავისუფალი არჩვენების უფლება დაცული. ასევე, დაირღვა თუ არა ფარული კენჭისყრის პრინციპი საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ხმის მთვლელი ელექტრონული ტექნოლოგიების ფუნქციონირების წესის გამო“, – აცხადებს საია.

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს პოზიციის წარდგენისათვის ვადა 2026 წლის 15 მაისამდე განუსაზღვრა. 

საიამ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი 2025 წელს გაგზავნა. ორგანიზაციის განცხადებით, საჩივარში მიუთითებენ, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება.

საია ასევე დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3031 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. აქედან 2263 უბანზე ამომრჩეველმა ხმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცა. ხმის მისაცემად საჭირო იყო ბიულეტენზე ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრის გაფერადება. მოქალაქეებმა, მედიამ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალი რჩებოდა.

29 ოქტომბერს, საიამ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები წარადგინა. ორგანიზაცია ითხოვდა 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას, თუმცა ეს მოთხოვნა არც საოლქო საარჩევნო კომისიებმა დააკმაყოფილეს და არც სასამართლოებმა. გამონაკლისი იყო მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.