„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პროსამთავრობო მედიასთან გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც თურქმენეთში გამართულ ფორუმში მის მონაწილეობას მოჰყვა. ფორუმს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 2 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 3 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 4 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 5 ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, კამიტის შესაძლო გამოყენება გამოიძიონ
- 6 „ქართული ოცნების“ წევრმა, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა
კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, რას იტყოდა ოპონენტების განცახდებებზე და „რუსეთის პრეზიდენტზე, რომელსაც ესაუბრება ტრამპი, ესაუბრებიან სხვა ქვეყნების ლიდერები, მოლაპარაკებებს ცდილობს უკრაინა“.
„ეს სპეკულაციები არის აბსოლუტურად არასერიოზული და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს სუფევს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში. ამიტომ აქ სიღრმისეული კომენტარის გაკეთება, მე მგონი, არ ღირს“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა მანამდე ფორუმის შესახებ გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მსგავს ფორმატებში მონაწილეობა საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„დღეს მონაწილეობა მივიღეთ ფორუმში, რომელიც ეძღვნება თურქმენეთის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30 წლისთავს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფორმატებში მონაწილეობა.
ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას.
დღეს აქ წარმოდგენილია ხუთივე სახელმწიფო ლიდერი. ასევე, აქ არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები. ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს. ბუნებრივია, ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისაუბროთ თანმშრომლობის განვითარების თემებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს აშხაბადში საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს, საერთაშორისო ნეიტრალიტეტის დღეს და მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს ეძღვნებოდა. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ. მათ შორის იყვნენ ირაკლი კობახიძე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს კობახიძემ თქვა, რომ „ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს“.
კობახიძე თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტით წელს უკვე მესამედ ჩავიდა. გუშინ, 11 დეკემბერს, მან შეხვედრები გამართა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, დღეს კი ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციას ირაკლი კობახიძის სხვა შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
აშხაბადში კობახიძესთან ერთად იმყოფება „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
