ზემო სვანეთში, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში ნიჟარაძეების ისტორიული სვანური მაჩუბი ჩამოინგრა. სოფელს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მუზეუმადაა გამოცხადებული. ჩაჟაშის კოშკები, მაჩუბები და ეკლესიები შუა საუკუნეებშია აშენებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
ნიჟარაძეების მაჩუბი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა, დღეს სრულად განადგურების პირასაა. ფოთოლა ნიჟარაძე „საქართველოს ამბებს“ უყვება, რომ ისტორიული ნაგებობა საიზოლაციო მასალით, ე.წ. ტოლით 2016 წელს გადახურეს, ფიქალის ქვა კი ალაგ-ალაგ დააწყვეს. გადახურვის ამ მეთოდმა არ გაამართლა, ნაგებობის კედლები წყლით გაიჟღინთა და გუშინ ერთ-ერთი თითქმის სრულად ჩამოიშალა. გადახურვიდან მალევე შენობას ბზარები გაუჩნდა.
„ჩემი მშობლების მიერ მამაჩემის ბიძისგან შეძენილი სვანური სახლი, მაჩუბი, რომლის ვალსაც მთელი ცხოვრება პატიოსანი შრომით ისტუმრებდნენ, დაგვენგრა. რამდენიმე საუკუნის წინანდელმა ნაგებობამ უცვლელად მოაღწია, ვიდრე ტოლით გადახურავდნენ. ჩაჟაშში თითქმის ყველა სვანური სახლი ასეა გადახურული და მეტ-ნაკლებად ყველა ამ პრობლემის წინაშე დგას“, - ამბობს ფოთოლა ნიჟარაძე.
ნიჟარაძეების ოჯახი წინაპრებისეული სახლის შეკეთებას წლებია ითხოვს. ფოთოლა ნიჟარაძის თქმით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსიტროს არაერთხელ მიმართეს და სამუშაოების საკუთარი ხარჯებით გაწევაც კი შესთავაზეს, თუმცა სამინისტრომ არცერთ წერილზე არ უპასუხა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გარეშე ჩატარება აკრძალულია.
„ვითხოვთ ან ყურადღება მიაქციონ და აღადგინონ როგორც საჭიროა, ან დაგვრთონ ნება და აღვადგენთ ისე, რომ გაძლოს და არ დაინგრეს. ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბოლო წერილით რამდენიმე თვის წინ მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. ყველაფერი რაც ღირებულია ინგრევა და იშლება. ამ ისტორიის განადგურების შემდეგ არ მგონია, რომელიმე ვიზიტორს უშგულში სტუმრობის სურვილი გაუჩნდეს“, - აღნიშნავს ფოთოლა ნიჟარაძე.
უშგულის თემის სოფლებიდან ჩაჟაშში ყველაზე მეტი სვანური კოშკია. კომპლექსი 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს და 11 ხალხურ საცხოვრებელს აერთიანებს. ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის პროცესი 2014 წელს დაიწყო.
ამ თემაზე ნახეთ „მთის ამბების“ მასალა:
რატომ შეიძლება დაკარგოს უშგულმა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი
