ევროკავშირი სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 80%-ზე საბაჟო ტარიფების გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2 ივლისს, ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
ერთობლივ ბრიფინგზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მხრიდან სომხეთზე განხორციელებულ ეკონომიკურ ზეწოლაზე ისაუბრა, რაც მან „ეკონომიკურ იძულებად“ შეაფასა და განაცხადა: „დარწმუნებული იყავით, რომ როდესაც ჩვენს პარტნიორებზე ზეწოლა იზრდება, ევროკავშირი ნაბიჯს წინ დგამს“.
რუსეთისგან ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, ევროკომისია წარადგენს პროექტს „ავტონომიური სავაჭრო ზომების“ შესახებ, რაც სომხური პროდუქციისთვის ევროპული ბაზრის უპრეცედენტო გახსნას გულისხმობს.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან თქვენი ვაჭრობის 80% ტარიფებისგან თავისუფალი იქნება. ამით ჩვენ შეგვიძლია გადავამისამართოთ პროდუქტები, რომლებიც ამჟამად კვლავ ძლიერად არიან დამოკიდებული რუსულ ბაზარზე და გავაგზავნოთ ისინი ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, რომელსაც 450 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
ეს ზომა ევროპის კარს გაუღებს სომხეთის ნედლი ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეების თითქმის 99%-ს, რომლებიც მანამდე რუსეთში გადიოდა. ის ასევე ევროკავშირის ერთიანი ბაზრის კარს გაუხსნის თქვენი სასმელებისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის 90%-ზე მეტს.
ფაქტობრივად, ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით ჩვენს ბაზარზე სომხური ყვავილების სულ უფრო დიდი მოცულობის იმპორტისა და ეს ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობაში ახალი ფურცლის გადაშლის მშვენიერი სიმბოლოა. ეს მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ზომები სომხეთს მისცემს საშუალებას, „მოახდინოს დივერსიფიკაცია და მოახდინოს ის სწრაფად“.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი გახდება პირველი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის ან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარეშე, რომლის მიმართაც ევროკავშირი ამ ინსტრუმენტს გამოიყენებს.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა 200 მილიონი ევროს მოცულობის ახალი პაკეტი (Global Gateway), რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული პროექტებისთვის 2 მილიარდამდე ევროს მობილიზებას. ეს მოიცავს სასაზღვრო გამშვები პუნქტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ეს ნიშნავს „რეალური, ფიზიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობას მშვიდობისთვის“, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის ეკონომიკურ ტრანსფორმაციას და მის ქცევას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაცე სტრატეგიულ გზაჯვარედინად.
ეკონომიკური დივერსიფიკაციისთვის სომხეთი მიიღებს დამატებით 18 მილიონ ევროს, რაც 52 მილიონი ევროს მოცულობის საერთო მხარდაჭერის პაკეტის დასკვნითი ნაწილია. თანხა ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტოს შექმნასა და სომხური ბიზნესის საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდას უნდა მოხმარდეს.
ბრიფინზე გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა სომხეთში დემოკრატიული პროცესების მდგრადობას და ფაშინიანს 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ეს არჩევნები კიდევ ერთხელ მოწმობს სომხეთის დემოკრატიის სიმტკიცეს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სომხეთი აგრძელებს რეფორმების, მშვიდობისა და ევროპასთან დაახლოების გზას.
ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ხელისუფლების ამოცანაა, სომხეთი სრულად შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს, რის შემდეგაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა უკვე კონკრეტული დღის წესრიგი გახდება.
„ფრაზა „სომხეთი და ევროკავშირი ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც არასდროს“ დღითიდღე სულ უფრო მეტად მატერიალიზდება და იძენს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ პრაქტიკულ ეკონომიკურ გამოყენებას“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა განმეორდეს 2013 წლის სცენარი, როდესაც სომხეთმა რუსეთის ზეწოლით უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირებაზე, ფაშინიანმა განაცხადა: „გამოვრიცხავ. ეს შეუძლებელია, მით უმეტეს ახლა, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის ხალხმა მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა ბალანსირებულ საგარეო პოლიტიკას“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა „შთამბეჭდავი“ უწოდა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში სომხეთის პროგრესს, ფაშინიანმა კი თქვა, რომ მათი მიზანია 2029 წლისთვის ქვეყანას უკვე ჰქონდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მოქალაქეები ამ გადაწყვეტილებას ელოდებიან და ამის სასარგებლოდ მისცეს ხმა არჩევნებში.
