სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს

24 ივლისის ღამეს საქართველოს მასშტაბით მომხდარმა მასშტაბურმა ენერგოკოლაფსმა ქვეყანა დენის გარეშე დატოვა. მიზეზებზე ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით დუმს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტრო კი მთავარ მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ „სისტემურ ავარიას“ ასახელებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გვიან ღამით, დაახლოებით 00:10 საათზე, ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ავარიულად შეწყდა. შუქი ჩაქრა თბილისშიც, ასევე აფხაზეთის თითქმის ყველა მსხვილ დასახლებაში - სოხუმში, გაგრაში, გუდაუთაში, ბიჭვინთასა და ტყვარჩელში. შეფერხებით მუშაობდნენ სატელეკომუნიკაციო ქსელებიც.

კოლაფსიდან ერთ საათზე მეტი ხნის შემდეგ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ (სეს) პირველი განცხადება 01:28 საათზე გაავრცელა. უწყების ცნობით, მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგია ნაწილობრივ უკვე მიეწოდებოდა მცხეთა-მთიანეთსა და თბილისის დიდ ნაწილს. სეს-მა მედიას მოუწოდა, თავი ეარიდებინათ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან მიზეზების შესახებ. 02:02 საათზე გავრცელებულ მეორე განცხადებაში უწყებამ დააკონკრეტა, რომ ეტაპობრივად დენი მიეწოდა თბილისის რამდენიმე რაიონს (დიდუბე, ვაკე, მთაწმინდა, კრწანისი) და ასევე რეგიონებს - ქუთაისს, ჭიათურას, საჩხერს, ონსა და ამბროლაურს.

მოსახლეობის მაღალი ინტერესის მიუხედავად, „საქართველოს ამბებმა“ ვერ მიიღო პასუხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლის დაქვემდებარებაშიც ენერგეტიკის მიმართულებაა - უწყებამ კოლაფსის გამომწვევი მიზეზების განმარტებაზე უარი თქვა.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, რომელიც რეგიონების 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ამარაგებს და რამდენიმე მსხვილ ჰესს ფლობს, განაცხადა, რომ გათიშვა მათი მიზეზით არ მომხდარა და პრობლემა „სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამ გამოიწვია. დედაქალაქის გამანაწილებელ კომპანია „თელასს“ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტრომ გამთენიისას, 04:08 საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ რეგიონში ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილი იყო.

24 ივლისს, საღამოს 5 საათისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გაავრცელა განცხადება, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე. ასეთი საწარმოები არიან სახელმწიფო ელექტროსისტემა, „ენერგო პრო ჯორჯია“ და „თელასი“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.