„სინოდში არის 60 წელს გადაცილებული ორი ეპისკოპოსი, რომელთაც პატრიარქად ვისურვებდი“

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში არიან მღვდელმთავრები, რომელთაც მომავალი პატრიარქის „მძიმე ტვირთის“ ტარება შეუძლიათ. მთავარეპისკოპოსმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებაში“ საუბრისას აღნიშნა, რომ თავად პირველი იერარქის პოზიცია არ აინტერესებს, თუმცა ჰყავს ორი ფავორიტი კანდიდატი, რომელთა ხილვასაც პატრიარქის ტახტზე ისურვებდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით ხედვა თავად ილია მეორესაც ჰქონდა. მისი თქმით, საუბარია გამოცდილ მღვდელმთავრებზე:

„გარდა ჩემი აზრისა, პატრიარქსაც სურვილი ჰქონდა, საუბარი როცა იყო… არის ასეთი ეპისკოპოსები, ჰყავს პატრიარქს, ოღონდ 60 წელზე მეტის არიან, რომელთაგან ორს მე ვისურვებდი, რომ ეს ტვირთი აიღოს, თუ ისინი ამას შეძლებენ. თუ ღმერთი ამას ინებებს და მას მისცემს ამ ჯვარს და ამ ტვირთს, გაიგებთ და იტყვით, რომ რა სწორი იყოო“.

მეუფე ზენონმა ასევე ისაუბრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე, მიტროპოლიტ შიოზე (მუჯირი). მან აღნიშნა, რომ მეუფე შიო „ფაქიზი შინაგანი სამყაროს“ მქონე ადამიანია და მისი კანდიდატურა სინოდის გადასაწყვეტია:

„თუ თვითონ მას [მოსაყდრე შიოს] უნდა [პატრიარქობა] და შეძლებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, კაცო. მაგრამ მან უნდა ეს შეძლოს. სინოდმა უნდა უთხრას, რომ შენ ეს შეგიძლია“.

მთავარეპისკოპოსმა განმარტა, რატომ არ აქვს მას პირადი ამბიცია, დაიკავოს ეკლესიის მეთაურის ტახტი. მან გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ 31 წლის ასაკში ორჯერ უთხრა უარი ილია მეორეს ეპისკოპოსობაზე და ყოველთვის ერიდებოდა საპატრიარქოში არსებულ ინტრიგებს.

„მე ეგენი [პატრიარქობა] არ მაინტერესებს, მე ვარ უფრო იდეური ადამიანი. მე ამ მაიმუნობებთან რა საქმე მაქვს… ინტრიგებთან, რომელიც ყოველდღიურობაში ხდება. არასდროს მე პირველი პირობის სურვილი არც გამჩენია, არც მექნება“.

მისივე თქმით, ილია მეორეს მისი უსაფრთხოების ეშინოდა, რადგან ის მუდამ უპირისპირდებოდა „მაფიას“ და სისტემურ პრობლემებს: „დაანებე თავი... ეშინოდა, რომ რაღაც საფრთხეში არ ჩავვარდე, თვითონ იმხელა გამოცდილება ჰქონდა“.

ინტერვიუში მეუფე ზენონმა ყურადღება გაამახვილა ეკლესიაში არსებულ „სერიოზულ მსოფლმხედველობრივ პრობლემებზე“, რომლებიც, მისი აზრით, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მღვდელმთავრის თქმით, აუცილებელია ეკლესიის დეპოლიტიზაცია და მისი მოქმედება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„ჩემი მიდგომა არის ასეთი, რომ საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს მთელი ეს მასშტაბი უნდა გავიაზროთ, სად ვართ, რა პრობლემები გვაქვს? რა გვჭირდება ხვალისთვის? შენ უნდა იყო ქრისტეს ეკლესია და მოქმედებდე ქრისტიანული ეკლესიის შენი დოქტრინითა და შენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. ის ეკლესიას თითქმის 50 წლის განმავლობაში მეთაურობდა.

ეკლესიის დებულების თანახმად, ახალი პატრიარქი უნდა აირჩიოს გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა. კანდიდატებს (სულ მცირე სამს) წმინდა სინოდი ასახელებს.

ამჟამად ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), რომელიც ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატია.

მთავარეპისკოპოსი ზენონი სინოდის ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი წევრია, რომელიც ხშირად ღიად საუბრობს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე და რეფორმების საჭიროებაზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.