შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა ნეონაცისტური და ფაშისტური დაჯგუფების 13 წევრი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ. დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
გარდა ამისა, ამავე საქმეზე ბრალი დაუმძიმდა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ კიდევ 4 პირს, რომელთაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობას ედავებიან.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაჯგუფების წევრები ფაშისტური იდეოლოგიით ხელმძღვანელობდნენ. გავლენის მოპოვებისა და იდეოლოგიის პოპულარიზაციის მიზნით, ისინი სამიზნე პირებს ბლაგვი და ბასრი საგნებით, მათ შორის ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით უსწორდებოდნენ. განსაკუთრებულ აგრესიას მათ მიმართ იჩენდნენ, ვინც მათ შეხედულებებს არ იზიარებდა.
ძალადობის პარალელურად, ჯგუფის წევრები მსხვერპლებს ძარცვავდნენ და თანხებს სძალავდნენ. წამებისა და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ბრალდებულები მობილური ტელეფონებით იღებდნენ და ინტერნეტში მიზანმიმართულად აქვეყნებდნენ. შსს-ს თანახმად, ინტერესთა კონფლიქტის გამო დაჯგუფების წევრები ფიზიკურად ერთმანეთსაც უსწორდებოდნენ. ამ ეტაპზე საქმეში ათამდე დაზარალებულია, მათ შორის 2 არასრულწლოვანი. ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო: ცეცხლსასროლი, ხმოვანი და ცივი იარაღები; ნაცისტური სიმბოლიკა; ნიღბები და ელექტრონული ტექნიკა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს (144-ე პრიმა, 225-ე, 178-ე, 181-ე და 236-ე), რაც ჯგუფურად ჩადენილ წამებას, ძალადობის ორგანიზებას, ძარცვას, გამოძალვასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში მსგავსი ბრალდებით პატიმრობაში უკვე იმყოფებიან რადიკალური ჯგუფების ლიდერები და კიდევ 24 წევრი. სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას.
