„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, გურიაში, ოზურგეთში, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ფიგურირებს. შსს მის მიერ იარაღის გამოყენებას უარყოფს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
მანამდე „გურიის მოამბემ“ დაწერა, რომ სუს-ის თანამშრომელი „ქურდულ გარჩევას“ ხელმძღვანელობდა და კონფლიქტში ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა, რა დროსაც სამსახურებრივი იარაღი გამოიყენა. გამოცემის თანახმად, ადგილობრივი ბიზნესმენი ბ.შ., რომელიც მეორე, დაპირისპირებულ მხარის წარმომადგენელი იყო, გასროლიდან რამდენიმე წუთში გულის შეტევით გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის ბიძაა, ხოლო გარდაცვლილი მამაკაცი - მეორის ბაბუა.
„ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება. დაზიანებები აქვს მის არასრულწლოვან დისშვილსაც. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, რასაც დეტალური სიზუსტით ადასტურებს ვიდეოკამერების სხვადასხვა რაკურსის ჩანაწერები, დაზარალებულმა პირმა მისთვის სახის არეში მიყენებული დარტყმის შემდგომ, ფიზიკური დაპირისპირებისას, თავდაცვის მიზნით ამოიღო თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა არ გამოიყენა მიუხედავად იმისა, რომ მასზე რამდენიმე ადამიანის მხრიდან თავდასხმა გრძელდებოდა. მას აღნიშნული იარაღი წაართვა ინციდენტში მონაწილე მეორე მხარის წარმომადგენელმა - მეორე არასრულწლოვანის ბიძამ, რომელმაც მოგვიანებით, ცეცხლსასროლი იარაღი თავად წარმოუდგინა გამოძიებას.
ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მეორე არასრულწლოვანის ბაბუა, რომელიც ასევე მონაწილეობდა მომხდარ დაპირისპირებაში, მის საცხოვრებელ სახლში გახდა ცუდად და საავადმყოფოში მიყვანამდე, გულის შეტევით გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე პირები, ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიების დასრულებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
შსს აცხადებს, რომ გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება.
