თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან დიდი რაოდენობით არიან მობილიზებული, მოქალაქეებს ძალის გამოყენებით ატოვებინებენ პარლამენტის შესასვლელებს, საიდანაც დეპუტატები უნდა გამოვიდნენ. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც უსწორდებიან და აკავებენ. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა.
წიწაკის სპერეით დაშავდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძეც. მას სამედიცინო ბრიგადის დახმარება დასჭირდა.
„როდესაც დარბევა დაიწყეს, მშვიდობიანი ახალგაზრდები ხელებაწეულები იდგნენ. დაგვაცალეს გაზი, წიწაკის სპრეი, ყველაფერი ერთად. ეს იმიტომ მოხდა, რომ „ქართული ოცნების“ მშიშარა დეპუტატები პარლამენტიდან მშვიდად გასულიყვნენ“, - თქვა წითლიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანი ისროლეს. სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ „კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები“ მართლწესრიგის აღდგენის მიზნით იქნა გამოყენებული.
„მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დღეს, 30 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მეორე მოსმენაზე გაიტანა. დეპუტატებმა 11 პუნქტიდან დღეს მხოლოდ 3 განიხილეს. რუსული კანონის განხილვა ხვალ გაგრძელდება და სავარაუდოდ, ხვალვე უყრიან კენჭს.
რუსული კანონის საწინააღმდეგო და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციები თბილისში 15 აპრილიდან, ყოველდღე იმართება. მრავალათასიანი დემონსტრაციების ორგანიზატორები ძირითადად სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები არიან.
