თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისმა თანამშრომლებმა დღეს, ქვეყნის მასშტაბით, რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაკავებულთა შორის 10 არასრულწლოვანია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
როგორც სირაძემ თქვა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
„დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა.
დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები“, – განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144 -ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.
ვაჟა სირაძის თქმით, ანალოგიური ბრაკლდებით რამდენიმე თვის წინ დააკავეს და ამჟამად სასჯელს იხდიან რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ლიდერები ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი.
„ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – აღნიშნა სირაძემ.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
