თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატ შოთა თუთბერიძეს 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს უკავშირდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
საქმე ეხება 2026 წლის 2 ივნისს, ნინო წილოსანის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც კანადაში მის ვიზიტს ეხებოდა. აღნიშნულ პოსტზე შოთა თუთბერიძემ დატოვა კომენტარი: „მანდაც დედის ტრ..ი უნდა გაგინონ, ნინიკო, თუ უბრალოდ ზოოპარკს ნახავთ და უცებ წამოხვალთ?“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ თუთბერიძის ეს კომენტარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახით 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
საგულისხმოა, რომ საქმის წარმოება უწყებამ პროაქტიულად, წილოსანის საჩივრის გარეშე დაიწყო. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ინსპექტორმა სანდრო კეპაშვილმა ფაქტის შესახებ Facebook-ის მონიტორინგის შედეგად შეიტყო.
15 ივნისს გამართულ პროცესზე თუთბერიძე უშუალოდ ნინო წილოსანის გამოკითხვას ითხოვდა, რათა დადგენილიყო, ნამდვილად იგრძნო თუ არა მან თავი შეურაცხყოფილად, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

თუთბერიძე „საქართველოს ამბებთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ კომენტარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მან ასევე მიუთითა შსს-ს მხრიდან მონაცემთა დამუშავების შესაძლო დარღვევაზე: საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ იდენტიფიცირება 3 ივნისს დაიწყო, მაშინ როდესაც საქმის წარმოების დაწყების ოფიციალური თარიღი 4 ივნისია.
სტრუქტურა, რომელმაც თუთბერიძის კომენტარზე რეაგირება მოახდინა, შსს-ში 2026 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა. 10-კაციანი ჯგუფი მონიტორინგს უწევს „საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას“.
სამინისტროს სტატისტიკით, ფუნქციონირების ორ კვირაში უწყებამ სასამართლოებს უკვე 60-მდე საქმე გადასცა. მათგან 30-ზე მოსამზადებელი სხდომა უკვე ჩანიშნულია, 7 საქმე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა.
