ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს და „დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე“ შეთანხმდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ მიდის.
„დემოკრატიები არ თრგუნავენ ოპოზიციის ხმებს და არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას. ამის საპასუხოდ ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და საქართველოს მთავრობის დაფინანსება.
დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე და კომისია წინადადებას უკვე წელს წარადგენს.
ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს იმ ოფიციალური პირების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის უკან დგანან.
ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხს გვერდში დგომას, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხისკენ, დამოუკიდებელი მედიისკენ“, - განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ევროკომისიასთან დისკუსიის გარდა, სხდომაზე „იყო დიდი სურვილი მეტის გაკეთების“.
„ბევრმა თქვა, ვნახოთ ასევე როგორ განვითარდება მოვლენები და ჩვენ მზად ვართ დამატებითი ნაბიჯებისთვის, მაგრამ, როგორც იცით, სანქციებთან დაკავშირებით 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. სამწუხაროდ, აქამდე არ მივსულვართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება არის პირველი და ასევე, სიმბოლური ნაბიჯი“, - აღნიშნა კაია კალასმა.
საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ თქვა, რომ სლოვაკ ოფიციალურ პარტნიორთან ერთად, ვეტო დაადო საქართველოს პოლიციის ზოგიერთი მაღალჩინოსნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას. მან ცალმხრივი უწოდა თბილისში საპროტესტო აქციებზე მხოლოდ პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ინფორმაციას და თქვა, რომ აქციის მონაწილეებს შორის არიან აგრესიული ელემენტებიც და პოლიციელებიც დაშავდნენ.
