საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცე“ დახურა

„რეალური სივრცის“ გუნდი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაცემა დახურა. გუნდის დარჩენილმა წევრებმა უარი თქვეს ტელევიზიის მენეჯმენტის შეთავაზებაზე - მუშაობა რადიოს დილის გადაცემაში, ვებგვერდზე, პრომოუშენის დეპარტამენტსა და მუსიკალურ გადაცემაზე გაეგრძელებინათ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა აღნიშნული თოქ-შოუს წამყვანთან და სახესთან, ნინო ზაუტაშვილთან ხსენებული თოქ-შოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება“, - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებაში.

„ჩვენ არ ვაკნინებთ მაუწყებლის არცერთ შემოქმედებით რედაქციას ან გადაცემას, მაგრამ

აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა, რომ გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერცერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი კეთების გამოცდილება და კვალიფიკაციაც აქვს;

არ აკეთოს გადაცემა, რომელიც ვფიქრობთ, ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას, რომელიც პირდაპირ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ ფუნქციას - ისმოდეს საზოგადოების ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, - ჟურნალისტმა თამარ მშვენიერაძემ წაიკითხა „რეალური სივრცის“ გუნდის საჯარო განცხადება.

„რეალური სივრცე“ 12 წლის წინ შეიქმნა და წლების განმავლობაში გამორჩეულ მედია პროდუქტს ქმნიდა. გადაცემა ქვეყანაში არსებულ აქტუალურ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე საზოგადოებას შესაბამისს ინფორმაციასა და ანალიზს სთავაზობდა.

მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის, ანუ იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით.

ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას.

დასასრულს, მხნეობას და მედგრად ყოფნას ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს და თანამოაზრეებს იმ გუნდიდან, რომელსაც ჰქვია „საზმაუს“ მცველები, რომლებიც რჩებიან საზოგადოებრივ მაუწყებელში და აგრძელებენ უმნიშვნელოვანეს ბრძოლას „საზმაუს“ იდეის დასაცავად.

სოლიდარობა და თავისუფლება ჩვენს კოლეგას, მზია ამაღლობელს, რომლის სიტყვებიც - იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის - უნდა გვახსოვდეს. ჩვენი ბრძოლის ერთადერთი საშუალება კი სიმართლის თქვენამდე მოტანაა, გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდს, ამ არხზე, ეს შესაძლებლობა აღარ აქვს“, - თქვა თამარ მშვვენიერაძემ.

„მოამბის“ წამყვანი და ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 11 აპრილს გაათავისუფლეს. ისინი აკრიტიკებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკას და ღიად გამოხატავდნენ სოლიდარობას „ქართული ოცნების“ მიერ უკანონოდ დაპატიმრებული „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის მიმართ.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ „რეალური სივრცის“ დახურვაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას მიზანმიმართული რეპრესიული ქმედება უწოდა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია აღნიშნავს, რომ თინათინ ბერძენიშვილისა და ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით მაუწყებელი სისტემატურად ახორციელებს დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტების დევნას. „ეს ქმედებები მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც საზოგადოება აქტიურად ითხოვს მაუწყებლისგან თავისი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას და ხალხის ხმის გაჟღერებას, ხოლო ზემოხსენებული ჟურნალისტები ღიად ითხოვდნენ ეთერების გახსნას და მოქალაქეების სათანადო ინფორმირებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ხალხის საკუთრება და არა ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული რუპორი.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა მაუწყებელმა შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება და ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს“, - განაცხადა კოალიციამ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.