„საზოგადოებრივი მედია არ უნდა ცრუობდეს“ - უნგრეთში სახელმწიფო მაუწყებლობა გაითიშა

უნგრეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა შეაჩერა. ეს ნაბიჯი ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობის სიმბოლოდ ქცეული „პროპაგანდისტული მანქანის“ დემონტაჟის დასაწყისად ფასდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

7 ივლისს სახელმწიფო ტელეარხ M1-ის ეთერში ჩვეული პროგრამების ნაცვლად შავი ეკრანი გამოჩნდა წარწერით:

„საზოგადოებრივი მედია არ უნდა ცრუობდეს. ვწუხვართ, რომ ამას ასე დიდხანს ვაკეთებდით“.

მაუწყებლის ცნობით, საინფორმაციო გამოშვებები დროებით შეჩერებულია, რათა მედია რეფორმირდეს და დამოუკიდებელ, სანდო პლატფორმად ჩამოყალიბდეს.

ანალოგიური ვითარებაა სხვა არხებზეც: მაუწყებლობა შეწყვიტა რადიოსადგურმა „კოშუტმა“ (Kossuth), გათიშულია სახელმწიფო მედიაგამოცემების ვებგვერდებიც. პროცესს წინ უძღოდა მედიის მმართველი სახელმწიფო ფონდის, MTVA-ს მენეჯმენტის შეცვლა.

ვიქტორ ორბანის პრემიერობის პერიოდში უნგრეთის საზოგადოებრივი მედია ხელისუფლების მთავარ „რუპორად“ იქცა. ეუთოს (OSCE) დასკვნით, მაუწყებლობა იყო სისტემურად მიკერძოებული: ის არაპროპორციულად უჭერდა მხარს მმართველ პარტიას და მარგინალიზაციას უკეთებდა ოპოზიციას.

თავისუფალი პრესის ინდექსში უნგრეთმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა - 2010 წლიდან 2026 წლამდე ქვეყანა 23-ე ადგილიდან 74-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

პეტერ მადიარმა, რომლის პარტია „ტისამ“ აპრილში, არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, საზოგადოებრივი მედია არაერთხელ მოიხსენია „სიცრუის ფაბრიკად“. მაუწყებლობის შეჩერების დღეს მან თქვა:

„ეს ისტორიული დღეა. დღეს პროპაგანდისტული მაუწყებლობა დასრულდა. ისინი ტყუოდნენ ღამით, ტყუოდნენ დღისით, ტყუოდნენ ყველა ტალღაზე. ეს დასრულებულია“.

თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა მომხდარს „ტისას“ ტირანიის კიდევ ერთი გამოვლინება უწოდა და მხარდამჭერებს მოუწოდა, ინფორმაცია მისი პარტიისადმი ლოიალური კერძო არხის, Hír TV-ს საშუალებით მიიღონ.

MTVA-ს განცხადებით, ტელეარხი M1 მაუწყებლობას ახალი ფორმატით განაახლებს. უახლოეს პერიოდში ეთერში მხოლოდ გასართობი პროგრამები და ფილმები გავა, ხოლო საინფორმაციო გამოშვებები ეტაპობრივად, ახალი სარედაქციო გუნდის დაკომპლექტების შემდეგ დაბრუნდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.