თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები რომეო მიქაუტაძე და ლელა ჩიქოვანი, რომელთა შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზეც მედიამ რეპორტაჟები მოამზადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
„ამასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია იყო. მე გუშინ პირდაპირ ეთერში გავაკეთე ამაზე განცხადება, რომ არანაირი საფუძველი ამ სპეკულაციებს არ აქვს, არანაირი გამოძიება, დაკითხვა და კითხვები ჩემი პირველი მოადგილის მიმართ არ არსებობს. ის ადამიანი პროფესიონალურად მაღალ დონეზე ასრულებდა თავის მოვალეობებს, მისი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა სამთავრობო გუნდი, ჩვენი სამინისტრო და ეს არის ამომწურავი ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. თუ რაიმე სხვა კითხვა არსებობს, ძირითადად ეს მოსაზრებები ეფუძნება ხოლმე კონკრეტულ გადაცემებში მოყვანილ მოსაზრებებს. ასე რომ, ეს გადაცემებია დიდწილად თვითონ მიკერძოებული, სამწუხაროდ, და აქედან გამომდინარეა ეს ფაქტი. ჩვენი სამინისტრო აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას, მობილიზებული იმ გუნდით, რომელიც აქამდე სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა“,- განაცხადა დავითაშვილმა.
რეპორტაჟი, რომელიც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მიერ სახელმწიფო ქონების დაუფლების სავარაუდო კორუფციულ სქემას აჩვენებს, ტვ „პირველმა“ მოამზადა.
კომპანია შპს „ბლუბერი ლაბ“ 2019 წელს დაფუძნდა მოქალაქე ნინო ქარდავას მიერ. დაფუძნებიდან ორ კვირაში სახელმწიფომ 133 190 კვ.მ მიწა კომპანიას 25-წლიანი იჯარით, თვეში 437 ლარად გადასცა და 90 000 ლარიც გამოუყო მოცვის ბაღების გასაშენებლად. 2021 წელს ნინო ქარდავამ 33%-33% წილი რომეო მიქაუტაძეს და სს „გეს საქრუსენერგოს“ დირექტორ ბაჩანა სულაძეს აჩუქა. საბოლოოდ, 2022 წელს რომეო მიქაუტაძის კომპანიამ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფოსგან იჯარით აღებული 133 ათასი კვ. მ მიწა აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით იყიდა, კვადრატული დაახლოებით 1,12 ლარად. ეს ქონება მიქაუტაძემ მისივე სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან იყიდა. ამასთან, რომეო მიქაუტაძესა და ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ნათელ-მირონობა და მეგობრობა აკავშირებთ.
თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმაც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი თანამდებობიდან მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევის გამო გაათავისუფლეს.
„არავინ არაფერს შესწირვია - ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც კონსულტაციების საფუძველზე მე მივიღე. ლელა ჩიქოვანთან მე მქონდა საუბარი. მას მადლობა ვუთხარი გაწეული საქმიანობისთვის. როდესაც ახალი მინისტრი ინიშნება კონკრეტულ თანამდებობაზე, მისი მოადგილეები ასევე არიან გათავისუფლებული“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ტვ „პირველის“ ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანის შვილი თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური მისიით ჯერ ამერიკაში გაუშვა, ცხოვრება დაუფინანსა, შემეგ კი მის სახელზე ორსართულიანი სახლი ქალაქ ბალტიმორში გადაფორმდა.
