პროდასავლური აქციების კიდევ ერთი დაკავებული მონაწილე, 33 წლის საბა ქევხიშვილი სასტიკად არის ნაცემი. ის 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს მას შემდეგ, რაც სპეცრაზმის თანამშრომლებს დემონსტრანტებზე ანგარიშსწორების კადრები აჩვენა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
საბა ქევხიშვილის ინტერესებს „სოციალურ სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, ქევხიშვილს ცხვირის, ყბის ძვლების და თვალბუდის მოტეხილობა, ასევე, ტვინის შერყევა აქვს. დაკავებისას მას მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები წაართვეს.
„სპეცრაზმის მიერ საბა ქევხიშვილის დაკავებას და მასზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მშვიდობიანი აქციის დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების, მათ შორის დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის გამოყენება. აქციის მშვიდობიანი ხასიათის სადემონსტრაციოდ, ქევხიშვილი პროტესტის მონაწილეებს გამოეყო და რუსთაველზე სპეცრაზმის თანამშრომლების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდა.
ტელევიზიების პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ საბა ქევხიშვილს ერთ-ერთი სპეცრაზმელი გამოელაპარაკა და ჰკითხა, თუ რას აპროტესტებდა, რის შემდეგაც საბამ მას საკუთარ მობილურში აქციის კიდევ ერთი მონაწილის ზვიად მაისაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ცემის ვიდეოს აჩვენებს და ეუბნება, რომ ძალადობაზე ვერ შეთანხმდებიან. ამ ეპიზოდის შემდეგ, საბა ქევხიშვილთან კომუნიკაციაში მყოფი სპეცრაზმის თანამშრომელი, სავარაუდოდ დაჯგუფების ხელმძღვანელი, ქევხიშვილის დაკავების გადაწყვეტილებას იღებს.
საბას თქმით, დაკავების შემდგომ, ის ქაშვეთის მიმდებარედ მდგომ მიკროავტობუსში ჩასვეს, სადაც სპეცრაზმის რამდენიმე თანამშრომელი მას უწყვეტად, მონაცვლეობით სახის, კეფისა და მთელი სხეულის არეში უმოწყალოდ ურტყამდა. ძალადობის პარალელურად, დაკავებულს ემუქრებოდნენ, აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, კიდევ გამოვიდოდა თუ არა აქციაზე“, - აცხადებენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“.
იურისტმა მარიამ პატარიძემ „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ საბა ქევხიშვილს მიმართ საქმისწარმოება ჯერ დაწყებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას, სავარაუდოდ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას მოედავება. იურისტი ვარაუდობს, რომ შსს ქევხიშვილისთვის მიყენებული დაზიანებების ჩაცხრობას ელოდება და სამართალდარღვევის ოქმის შედგენასაც იმიტომ აჭიანურებს, რომ სასამართლოს წინაშე ნაკლებად მძიმე მდგომარეობაში წარდგეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, ათი დღის განმავლობაში, 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათგან 372 ადმინისტრაციული წესით.
