სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვის გამო, ბაჩო ახალაიას მიმართ ახალი საქმე აღიძრა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით დაიწყო, რაც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქმე ეხება ახალაიას მიერ დახურულ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის ვიდეოჩანაწერიც მისმა მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, ყოფილი მინისტრი ამბობს:

მე ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი, დასამხობია ყველა შესაძლო გზით. თუ დასჭირდება ძალა, დასამხობია ძალით. ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე ორას წელზე მეტია გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ“.

ახალი ბრალდების წარდგენას ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში მოკლე კომენტარით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს და დაემხობა კიდეც“.

პარალელურად, ბაჩო ახალაიას მიმართ სასამართლო განხილვები გრძელდება ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე. მას 2025 წლის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის ორგანიზატორობას და ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას ედავებიან (სსკ-ის 225-ე მუხლი), რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი პირველად 2012 წლის ნოემბერში დააკავეს. მან ციხეში 9.5 წელი გაატარა და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2022 წლის 1-ელ მარტს დატოვა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო რამდენიმე რეზონანსულ საქმეში, მათ შორის 2006 წლის ციხის ბუნტის, ნავთლუღის სპეცოპერაციისა და სერგო თეთრაძის წამების ფაქტებზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.