სასამართლომ თოშხუასა და შერვაშიძეს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროევროპული აქციების მონაწილეებს, 37 წლის თორნიკე თოშხუასა და 33 წლის მინდია შერვაშიძეს, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დაკავებულები უკვე შვიდი თვეა პატიმრობაში იმყოფებიან. დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პროკურატურის ვერსიით, 2025 წლის 31 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად იძალადეს ყოფილ ფეხბურთელსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების პოზიცია და გამორიცხა, რომ აქტივისტები აუცილებელი მოგერიების რეჟიმში მოქმედებდნენ.

აქტივისტების განცხადებით, ბექა გოცირიძე მათ მანამდე სოციალურ ქსელში ემუქრებოდა, მოგვიანებით კი აქციაზე მივიდა და შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირებისას გოცირიძეს დანა დაუვარდა, რომელიც აქტივისტებმა პოლიციას გადასცეს. მოგვიანებით გოცირიძემ დაადასტურა, რომ დანა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება უარყო.

ადვოკატ ომარ ფურცელაძის თქმით, მოსამართლეს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შერვაშიძე სამი მცირეწლოვანი შვილის მამაა, თოშხუა კი, საჯარო მოხელე. არცერთ მათგანს წარსულში ნასამართლობა არ ჰქონია.

ბექა გოცირიძე, რომელიც 2026 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა, სიცოცხლეშივე აცხადებდა, რომ ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა.

„თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან, ძალიან გამიხარდება“, - მიმართა მან მოსამართლეს 17 დეკემბრის სხდომაზე.

თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე ამბობენ, პოლიტიკური მოტივებით იდევნებიან. „სისტემამ პოლიტიკური ნიშნით იხელმძღვანელა და მე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ვარ... დღეს რუსთაველზე გასვლა იმდენად კრიმინალიზებული გახდა, რომ შეიძლება ტერორისტად მოინათლო“, - აღნიშნა თოშხუამ.

მოსამართლემ აქტივისტები დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა ჯგუფურად). აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან პატიმრობას ორ წლამდე. სასამართლომ ყველაზე მკაცრი ზომა, თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.