ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დევი დევაძემ ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს, გიორგი ჯამდელიანს შინჯიკაშვილის მიმართ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაავალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
გიორგი შინჯიკაშვილმა გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენად შეაფასა. მისი განცხადებით, მღვდელმთავარმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფეისბუკგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს ცნობა, რომლის მიხედვითაც, მის მიერ 2025 წლის 8 და 28 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებაა და სინამდვილეს არ შეესაბამება. მოსარჩელის თანახმად, სასამართლომ ეპისკოპოსს შემდეგი ბრალდებების უარყოფა დაავალა:
- რომ შინჯიკაშვილი არის „გამყიდველი ვითარცა იუდა“, რომელიც ამზადებდა ეპისკოპოსის მკვლელობასა და ლიკვიდაციას;
- რომ მან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულა მონაზონი თეკლა კუბლაშვილი, გამხდარიყო მისი აგენტი და საბოლოოდ მოეთხოვა მისგან მღვდელმთავრის მოწამვლა;
- რომ შინჯიკაშვილმა ხელი შეუშალა მარნეულში საკათედრო ტაძრის მშენებლობას;
- რომ შინჯიკაშვილს გააჩნია უკანონო ბიზნესები, რომლითაც დიდ ფულს შოულობს და საკათედრო ტაძრისთვის განკუთვნილი მიწა კორპუსების მშენებლობისთვის სჭირდებოდა;
- რომ შინჯიკაშვილს ჰყავს დაქირავებული ბოტები და ტროლები, რომელთა მეშვეობითაც სოციალურ ქსელში ეპისკოპოსის წინააღმდეგ დეზინფორმაციასა და ანტიპროპაგანდას ავრცელებდა.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი სასამართლოს გადაწყვეტილებას ბიბლიური ციტატით გამოეხმაურა: „ვაი, უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრმდებელთ“.
მღვდელმთავარი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში „სამართალს კრიზისი უდგას“, რისი „კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაც“ სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებაა.
ჯამდელიანის შეფასებით, მოსამართლემ უგულებელყო მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინა და კანონიკური ნორმები. „არ გაითვალისწინა, რომ ვმოქმედებდი საეკლესიო სამართლით ჩემთვის მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ჩემს ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. პიროვნების ვინაობა არ გაჟღერებულა არც ამბიონიდან, არც საეკლესიო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში“, - წერს ეპისკოპოსი და აღნიშნავს, რომ სასამართლოს „გადაწყვეტილების ინტერპრეტირება ისე, თითქოს სამართალი აღსრულდა და სამართალმა გაიმარჯვა“, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის „უსუსური მცდელობაა“.
„აღნიშნული საქმე გახლავთ სამოქალაქო საქმეების კატეგორია და მას კავშირი არ აქვს სისხლის სამართლის დანაშაულის განხილვასთან. ეს პროცესი ჯერ კიდევ წინაა! რაც შეეხება აღნიშნულ შემთხვევას, მოსამართლემ იმსჯელა და დაადგინა, რომ რადგან ჯერ პირის მიმართ არ დამდგარა სასამართლოს განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე, შესაბამისად მის მიმართ გაჟღერებული ყველა ბრალდება უკანონოა უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით. ბოლნისის რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, ჰქონდა თუ არა დანაშაულის მომზადებას ადგილი, რადგან მას ამის უფლებამოსილება არც აქვს. ეს გახლავთ ამ საქმის ფორმალური და კანონიერი მხარე. შესაბამისად, ატეხილი აჟიოტაჟი, ყიჟინა და აღდგენილ სამართალზე საუბარი უადგილო, სასაცილო და ნაადრევია“, - აცხადებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი.
შინჯიკაშვილსა და ჯამდელიანს შორის კონფლიქტის შესახებ პირველად ცნობილი დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა, როდესაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა ქადაგებისას თქვა, რომ „ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენელი“ მის მოწამვლას გეგმავდა.
2025 წლის 6 ივნისს, ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლომ, რომელიც გიორგი ჯამდელიანმა მოიწვია, გიორგი შინჯიკაშვილი დამნაშავედ ცნო ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში - ეპისკოპოსის მკვლელობის მომზადებასა და შეთქმულებაში. საქმეში ფიგურირებდა მონაზონი თეკლა კუბლაშვილი, რომელმაც, ეპარქიის მტკიცებით, აღიარა, რომ კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფის, მათ შორის შინჯიკაშვილის მიერ იყო გადაბირებული და „ამზადებდნენ მღვდელმთავრის სიცოცხლის მოსპობისთვის საწამლავის გამოყენებით“.
საეპისკოპოსო სასამართლომ გიორგი შინჯიკაშვილს აუკრძალა წმინდა და საღვთო ზიარების მიღება გულწრფელ სინანულამდე, ხოლო სინანულის შემთხვევაში, განესაზღვრა ოცი წლით უზიარებლობა. 21 ივნისს აღნიშნული გადაწყვეტილება „დეტალებში გარკვევამდე“ საქართველოს ეკლესიის სინოდალურმა კომისიამ შეაჩერა.
თეკლა კუბლაშვილი, რომელსაც 2025 წლის ბოლოს მონაზვნობა შეუჩერეს და ეკლესიიდან განკვეთეს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ასე გამოეხმაურა: „ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი ადრე თუ გვიან... ერთწლიანი ჯოჯოხეთის შედეგი სხვანაირი ვერ იქნებოდა. მადლობა მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის“.
აღსანიშნავია, რომ მღვდელმთავრის საჯარო განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით დაიწყო. თავად გიორგი ჯამდელიანი გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებდა.
ძიუდოისტი გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლში გუბერნატორის პირველი მოადგილე 2021 წლიდან იყო. 2025 წლის მაისში მან თანამდებობა დატოვა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინჯიკაშვილი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
