ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე და ცოლისძმა პატიმრობაში რჩებიან

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ბრალდებული ჯუანშერ ბურჭულაძე პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ერთ-ერთ საფუძვლად ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა. დღევანდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და თქვა, რომ „ყოველდღიურ რეაბილიტაციას, კერძოდ, მასაჟებს“ საჭიროებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც დაცვის მხარემ დაასახელა, ვადასტურებ და ეს საჭიროებს ყოველდღიურ რეაბილიტაციას, კერძოდ, მასაჟებს და ა.შ. რაც ვერ კეთდება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რომელიც უკვე სამი თვეა პატიმრობაში იმყოფება.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მასთან მიმართებაში აღკვეთის ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

„მტკიცებულებების მოპოვება დასრულდა, ვერ გასცდა დაუსაბუთებელ და ირიბ მტკიცებულებებს. აქამდე ბრალდების მხარეს ჰქონდა დრო, მოეპოვებინა მტკიცებულებები. ეს შეიძლება მოსამართლისთვის გამხდარიყო საფუძველი მკაცრი ღონისძიების გამოყენებისთვის. არსებითად დღეს შეიცვალა ზუსტად ის, რომ მტკიცებულებები აღარ აქვს მოსაპოვებელი ბრალდების მხარეს და ვერ მოიპოვა ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება. ეს არის ის გარემოება, რაზეც უნდა იმსჯელოს სასამართლომ“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმა, ვასილ მხეიძე.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, ის გირაოთია გათავისუფლებული. როგორც პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განაცხადა, საქმეში ღუდუშაურის აღიარებითი ჩვენება დევს. დღევანდელ პროცესს ვლადიმერ ღუდუშაური არ დასწრებია.

ჯუანშერ ბუჭულაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მონისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად ითვლება. ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2021-2024 წლებში, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში იკავებდა.

საქმის მასალების მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და ვასილ მხეიძისთვის გამორჩენის მისაღებად, გიორგი ხაინდრავამ და ვლადიმერ ღუდუშაურმა, მხეიძის დახმარებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის (MRT) აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო. შედეგად, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. პროკურატურა აცხადებს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. საქმის მასალების მიხედვით, 2025 წლის იანვარში, მან ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი 544 000 ევროდ იყიდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.