სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. სანქცირებული მოსამართლის, თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ოქრუაშვილს 2 წლით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 14 მაისს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაოს არ გადახდის შემდეგ დააპატიმრეს, დღეს განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრო.

„ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის, მუშაობის პროცესში დარღვეულია როგორც კონსტიტუციური ნორმები, ისე [პარლამენტის] რეგლამენტი, რაც, თუკი სასამართლო ობიექტურად მიუდგებოდა, გამამართლებელი განაჩენის დადგომის საფუძველს იძლეოდა, მაგრამ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე - თუ არ ვცდები, 7 განაჩენი იყო მსგავს საკითხზე - გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი იყო, სასჯელი კი განჭვრეტადი. ზუსტად ის მივიღეთ, რასაც ველოდით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ განაჩენი კანონიერია.

კომისიაზე არ მისვლა იყო ირაკლი ოქრუაშვილის სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება, ხოლო გირაოს არ გადახდა - სოლიდარობის გამოცხადება სინდისის პატიმრების, მზია ამაღლობელის მიმართ“, - განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა.   

პატიმრობაში ყოფნის დროს პროკურატურამ ოქრუაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა - მას სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს. მამუკა ჭაბაშვილის თქმით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 25 ივლისაა ჩანიშნული.

„2 წლის წინ გორის რაიონში, მის სოფელში, სამეზობლოში მომხდარ ბანალურ ფაქტზე წაუყენეს ბრალი. ფაქტია, რომ არ დასრულდება ამ 8-თვიანი პატიმრობით და კიდევ ცდილობენ, არსებულ სასჯელს კიდევ რაღაცები დაუმატონ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ოპოზიციური პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას.

8-თვიან პატიმრობაში იმყოფებიან „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც.

7-თვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გივი თარგამაძეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძესა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. 

„ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულ პარლამენტში 5 თებერვალს შექმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც 2003-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. დაახლოებით ორ თვეში, კომისიის მანდატი გაფართოვდა და დღეს ის შემდეგი სახელწოდებით მუშაობს: „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.

„ქართულ ოცნებას“ სურს აკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არ აღიარეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, უარი თქვეს მანდატებზე და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.