თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებითაა დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ლილუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა სასამართლოს ალტერნატივის სახით 50 000 ლარის ოდენობის გირაოც შესთავაზა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა 24 დეკემბერს გაიმართა. მას გრიგოლ ლილუაშვილი არ დასწრებია.
„მიმაჩნია, რომ 24 საათში ვერ შევძლებ საქმის მასალების გაცნობას. გამოვხატავ სასამართლოს პატივისცემას, მაგრამ სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას“, – ლილუაშვილის ეს გზავნილი პროცესზე მისმა ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა წაიკითხა.
პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ, დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, დააკმაყოფილა.
„ეს სხდომა არ უნდა დახურულიყო, ისევე როგორც, არსებითი განხილვის სხდომები, როდესაც დაიწყება, არ უნდა დაიხუროს“, – განუცხადა რობერტ გრიგალაშვილმა ჟურნალისტებს.
პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც. მარიამ ბერძენიშვილმა სხდომის დახურვის მოთხოვნა საქმის „სენსიტიურობით“ და „კომპლექსური ხასიათით“ ახსნა.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება, ძალიან ბევრი დეტალი არის დასადგენი, საკმაოდ აქტიურ ფაზაში ვართ და აქტიურად ვმუშაობთ, აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე არ გამჟღავნდეს კონკრეტული დეტალები და გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა, სრულყოფილად იქნეს ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, არ მოხდეს რომელიმე პირზე სხვადასხვა ფორმითა და გარემოებით ზეწოლა. [...] ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პროცესი დაიხურა და ამ ეტაპისთვის არ გახდა საჯარო კონკრეტული პირების სახელები და გვარები, არის ის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 16 თებერვალს ჩაინიშნა.
გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სუს-ს 2019 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა, 23 დეკემბერს დააკავეს გენერალურ პროკურატურაში, სადაც ის ადვოკატთან ერთად გამოკითხვაზე იყო მისული.
„ეტყობა, რაღაც დეტალები აინტერესებთ რაღაც საქმეზე, მართლა არ ვიცი რა საქმეა... ჩვენება არ მიმიცია არასოდეს, პირველად ვარ“, – განაცხადა ლილუაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე. შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ დააკავონ, მან თქვა, რომ „ღვთის ნებაა ყველაფერი“ და ვერაფერს გამორიცხავდა.
11:00 საათზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ლილუაშვილს ქრთამის აღების ოთხ ეპიზოდს ედავებიან:
- 2022 წლის ოქტომბრის თვეში, გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის.
- 2022 წლის თებერვლის თვეში, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი.
- პროკურატურა აცხადებს, რომ 2021-2023 წლებში ქვეყანაში არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების „უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ“. გრიგოლ ლილუაშვილს „ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის“ მფარველობაში ადანაშაულებენ. ამ ეპიზოდში ლილუაშვილს ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, ქრთამის სახით დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარის მიღებას ედავებიან.
გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ გამოძიება „ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ“.
- გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
როგორც გვარაკიძემ განაცხადა, ლილუაშვილი-გვანცელაძის დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
სუს-ის ყოფილი უფროსი სთავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ადვოკატის თანახმად, გრიგოლ ლილუაშვილს მიაჩნია, რომ მისთვის წარდგენილი ბრალის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება საქმეში ვერ იქნება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
