თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება ღამის 4 საათზე გამოაცხადა. პროცესი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით მიმდინარეობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
„აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ღამის 11 საათზე შევიტყვეთ. მეუღლემ დაგვირეკა და გვითხრა, რომ ადგილზე პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მისულები. თავდაპირველად არ გვქონდა ინფორმაცია, რა საფუძვლით დააკავეს. დაახლოებით 12 საათზე დამირეკა გამომძიებელმა და მაცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა პოლიციელების შეურაცხყოფის მუხლით ჩაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცებულებად წარადგინა აფგან სადიგოვის ფეისბუქ-პოსტი, სადაც ის წერს, რომ პოლიციელები დიქტატურას ემსახურებიან. მივიჩნევთ, რომ აქ სამართალდარღვევა არ იკვეთება და ადმინისტრაციული წარმოება ფორმალურად დაიწყო.
1-ელ აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გამოყენებული აქვს დროებითი ღონისძიება, რაც საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემას უკრძალავდა. 2 აპრილს ინფორმაცია დევნის შეწყვეტის შესახებ თავად სადიგოვსაც მიაწოდეს, ხოლო 3 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას გირაო და გადაადგილების შეზღუდვა გაუუქმა. 4 აპრილს, გვიან საღამოს ის დააკავეს და რამდენიმე საათში სასამართლომ ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო“, - აცხადებს სადიგოვის ადვოკატი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი.
აფგან სადიგოვი საქართველოში პირველად 2024 წლის აგვისტოში დააკავეს. აზერბაიჯანული მხარე მას გამოძალვას ედავებოდა, რასაც თავად ჟურნალისტი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა. სადიგოვი თბილისში რამდენიმე თვის განმავლობაში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ევროპული სასამართლო აქტიურად ადევნებდნენ თვალს მის საქმეს, რადგან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აზერბაიჯანში გადაცემის შემთხვევაში მას წამება ან არასათანადო მოპყრობა ელოდა.
აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც 2017 წელს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და მოგვიანებით აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა, სადიგოვის დაკავების დეტალებზე საუბრობს და მომხდარს „ბნელ პოლიტიკურ თამაშს“ უწოდებს:
„მივიღე შემაშფოთებელი ინფორმაცია აფგან სადიგოვის საცხოვრებელი ადგილიდან გატაცებისა და ღამის საათებში სასამართლო პროცესის ჩატარების შესახებ. თბილისში, როგორც ჩანს, გარკვეული დახურული პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კრძალავს მის გადაცემას, მას ბაქოში გაგზავნას უპირებენ.
დღეს სადიგოვის წინააღმდეგ ყველა ბრალდება მოიხსნა, თუმცა ეს ინფორმაცია მედიისგან დამალეს. ოჯახს მიუთითეს, რომ ფაქტი არ გაესაჯაროებინათ საქართველოს ხელისუფლების „არგაღიზიანების“ მიზნით. გვიან ღამით მეხანძრეები მივიდნენ მის ბინაში „გაზის გაჟონვის“ მიზეზით. კარის გახსნისთანავე კი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა სადიგოვი წაიყვანეს. შუაღამისას აზერბაიჯანის საელჩომ პოლიციას აუწყა, რომ მისი პასპორტი დეაქტივირებულია - საიდან აქვთ ასეთი მჭიდრო და სწრაფი თანამშრომლობა სამუშაო საათების შემდეგ? ამ უკანონო ქმედებებზე პასუხს აგებს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ პროცესში მონაწილე ყველა პირი“, - დაწერა მუხთარლიმ. მისი გატაცების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წელს დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო დაცვა და ვერ ჩაატარა ეფექტური გამოძიება, რის გამოც ქვეყანას კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
