პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო 2005-2007 წლებში მისი საარჩევნო კამპანიის ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის მიერ დაფინანსების საქმეზე. მედიის ცნობით, სასამართლომ ექსპრეზიდენტს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
70 წლის სარკოზი დამნაშავედ იქნა ცნობილი „დანაშაულებრივ შეთქმულებაში“ და გამართლდა ბრალდებებში, რომლებიც სახელმწიფო სახსრების მითვისებას, კორუფციასა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევას ეხებოდა. პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას და მისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა. მის წინააღმდეგ გამოძიება 2013 წელს დაიწყო.
გამოძიების ვერსიით, 2005 წელს ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მუამარ კადაფიმ „კორუფციული გარიგება“ დადეს. ბრალდების თანახმად, სარკოზის საარჩევნო კამპანიამ 50 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო, რითაც დაარღვია კანონით დაწესებული აკრძალვა.
მოსამართლემ დაადგინა, რომ სარკოზიმ თავის ახლო თანამოაზრეებს ლიბიის ხელისუფლებასთან დაკავშირების უფლება მისცა „ლიბიაში ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად ან მის მოსაპოვებლად მისი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად“. თუმცა, სასამართლომ ვერ აღმოაჩინა საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ სარკოზიმ უკანონო დაფინანსებით ისარგებლა.
ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფდა და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე საუბრობდა. მოსალოდნელია, რომ ის განაჩენს გაასაჩივრებს.
„თუ სურთ, რომ ციხეში მეძინოს, ციხეში დავიძინებ, მაგრამ მაღლა აწეული თავით“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
2021 წლის მარტში ის დამნაშავედ იქნა ცნობილი გავლენის გამოყენებით ვაჭრობასა და კორუფციაში. სასჯელი ერთწლიან პატიმრობას და ორწლიან პირობით მსჯავრს მოიცავდა, თუმცა შემდეგ პატიმრობა ელექტრონული სამაჯურის ტარებითა და ნაწილობრივი შინაპატიმრობით შეუცვალეს.
ნიკოლა სარკოზი სასამართლო სხდომათა დარბაზში დღეს, 25 სექტემბერს არ დაუკავებიათ. მას ციხეში ერთი თვის განმავლობაში გადაიყვანენ.
