საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა

საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა. 105-ე ბრძანებას, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხელმოწერა აქვს დართული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბრძანებაში ნათქვამია, რომ თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება „გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის“ შეუჩერდა.

ვიდრე ეს გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილი აცხადებდა, რომ საპატრიარქოს კომისიაზე სამშაბათს, 16 დეკეებრს, 14:00 საათზე იყო დაბარებული.

„მეც გაოგნებული ვარ - არა იმიტომ, რომ ეს მოულოდნელი იყო. კომისიის გარეშე რატომ გადაწყვიტეს, ეს ჩემთვის ამოუხსნელია. ამათი უტიფრობა ზღვარგადასულია და ვფიქრობ, რომ ესენი, კერძოდ მოსაყდრე შიო, (ანდრია) ჯაღმაიძე და (მიქაელ) ბოტკოველი საქართველოს სამოციქულო ეკლესიას თუ არ ჩამოშორდნენ, ეკლესია ჩამოიქცევა და უკვე სიკვდილის პირას არის.

მე ერთი ვიყავი ამ ეკლესიაშია, ვინც მედგრად ვეწინააღმდეგებოდი და ვამბობდი ჭეშმარიტ სიტყვას რუსების წინააღმდეგ, მე ამას მაინც გავაგრძელებ, უკვე არა როგორც მღვდელმსახური, არამედ როგორც ერთი მოქალაქე.

მაგრამ ეკლესიაში სრული მდუმარეობაა, ეკლესია კვდება, ქვეყანა გვიკდება და მღვდელი დუმს. ყველა, ვინც დუმს დამნაშავეა და ვერავინ გაიმართლებს თავს, რატომ დუმდა, როდესაც ეკლესიას გვართმევდნენ.

ეს გადაწყვეტილება არაფერში შემიშლის ხელს. უბრალოდ, შეიძლება, ამან უფრო გაათამამოს მთავრობა და ციხეში ჩასვან, მაგრამ ციხე ჩემთვის თავისუფლებაა. მართალი კაცი - ციხეში თავისუფალი კაცია“, – განაცხადა დოროთე ყურაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სადაც ის ბოლო კვირების განმავლობაში პარაკლისს აღავლენდა. 

29 ოქტომბერს, ეპარქიალური კომისიის მიმართვის საფუძველზე, ილია II-მ დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ეკლესიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა და წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესა. ეპარქიული კომისია არქიმანდრიტს „ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებების“ ჩადენას ედავებოდა. 

დოროთე ყურაშვილი ხშირად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ რეპრესიების გამო, ასევე, მეუფე შიოს, რომელსაც რუსეთიდან გამოგზავნილს უწოდებს.

5 ნოემბერს, ილია მეორის ბრძანებით, მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა დოროთე ყურაშვილის თანამოაზრე არქიმანდრიტ ილიას თოლორაიას. ის საპატრიარქოში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მეუფე შიო „ეგზარქოსად“, ანუ რუსეთის ეკლესიის მიერ დანიშნულ მმართველად მოიხსენია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.