საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, 2025 წელს ენგურზე 350-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ 2025 წელს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის („ეფ ეს ბე“) სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე, 353 ადამიანი დააკავეს. მარიონეტულმა რეჟიმმა ე.წ. სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევის საბაბით 19 ე.წ. სისხლის სამართლის საქმე აღძრა და პასუხისგებაში 28 პირი მისცა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დე ფაქტო უწყების მტკიცებით, ამავე პერიოდში, აღკვეთილია ტვირთის უკანონოდ გადატანის 85-ზე მეტი მცდელობა. ამოღებულ ნივთებს შორის დასახელებულია ფსიქოტროპული ნივთიერება „ფენობარბიტალის“ 2000-ზე მეტი აბი, 1 მილიონ რუბლზე მეტი (დაახლოებით 34 ათასი ლარი) ღირებულების თამბაქოს ნაწარმი, Springfield Armory ХD-9 ტიპის პისტოლეტი და 150 ვაზნა (9x19 მმ კალიბრის), ასევე 138 გრამი მარიხუანა. გარდა ამისა, ამოღებულია საეკლესიო ხატები და სხვა საქონელი, რომელთა საერთო ღირებულება 500 000 რუბლს შეადგენს.

ენგურის ხიდსა და მიმდებარე პერიმეტრს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო ძალები აკონტროლებენ. დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მკვიდრია, ძირითადად გალის რაიონიდან, რომლებიც ე.წ. საზღვარს ჰუმანიტარული მიზნით, ოჯახების მოსანახულებლად ან სამედიცინო სერვისების მისაღებად კვეთენ. სხვა ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვისა და კონტროლის გამკაცრების ფონზე, მოქალაქეები ხშირად იძულებულნი ხდებიან, საოკუპაციო ხაზი ალტერნატიული გზებით გადაკვეთონ, რაც დაკავების რისკს ზრდის.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) 2025 წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა წინა წლის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს აფხაზეთის მიმართულებით უკანონო დაკავების 37 შემთხვევა იყო გამოვლენილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.