სანქტ-პეტერბურგიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ფრენები 14 აგვისტოდან დაიწყება

14 აგვისტოდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიარეისები სანქტ-პეტერბურგიდანაც შესრულდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქამდე სოხუმში ჩაფრენა რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქიდან მხოლოდ გადაჯდომებით იყო შესაძლებელი.

ახალი ამბები

ყველა სიახლე

მკითხველის რჩეული

პირველი პირდაპირი ფრენები ავიაკომპანია iFly-ის Airbus A330 ტიპის თვითმფრინავებით 14 და 20 აგვისტოს არის დაგეგმილი. ავიაკომპანიის განცხადებით, ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება, მგზავრობის დრო კი 4 საათი და 15 წუთი იქნება.

iFly ოკუპირებულ აფხაზეთში რეისებს 2025 წლის 12 ივნისიდან ასრულებს და როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ამ ხნის განმავლობაში, მოსკოვი-სოხუმის მარშრუტზე 40 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს.

„სანქტ-პეტერბურგსა და სოხუმს შორის ახალი პირდაპირი რეისის დაწყება მგზავრებს საშუალებას მისცემს, კომფორტულად ჩავიდნენ შავი ზღვის სანაპირომდე. ახალი რეისი, რა თქმა უნდა, მოთხოვნადი იქნება როგორც ტურისტებში, ასევე საქმიან მგზავრებს შორის“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.

სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარე აეროპორტი 1993 წელს, საომარი მოქმედებების და აფხაზეთზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლის დაკარგვის შემდეგ, დაიხურა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) სოხუმის აეროპორტის კოდი ანულირებული აქვს, თუმცა, 2025 წლის მაისში, რუსული მხარის მიერ ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად, აეროპორტი გაიხსნა. 1-ელი მაისიდან რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა და პირველი რეისი მოსკოვი-სოხუმი-მოსკოვის მარშრუტით განხორციელდა.

ამჟამად, აფხაზეთში ავიარეისები ნიჟნი ნოვგოროდიდანაც სრულდება. რუსული მედიის ინფორმაციით, განიხილება კომიდან, პერმიდან, ორენბურგისა და ტიუმენის ოლქებიდან რეისების დაწყების შესაძლებლობაც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.