სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ პარტია „ახალის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ნიკა მელიას მხარდამჭერები, ცოტნე მირცხულავა და გაბრიელ კობაიძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. მოსამართლე ლევან მეშველიანმა არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც თითოეული ბრალდებულისთვის 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
საქმე ეხება 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მომხდარ ინციდენტს. პარტია „ახალის“ რეგიონული ოფისის გახსნაზე, როდესაც ნიკა მელია მედიასთან კომენტარს აკეთებდა, მას სულხან-საბა ნიკოლეიშვილი დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების ვერსიით, მელიას თანმხლებმა პირებმა, გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ საპასუხოდ იძალადეს თავდამსხმელზე.
მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, პროკურატურამ სამივე პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით წარუდგინა, რაც წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ და ბრალდებულთა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანად შეაფასა. მისი განმარტებით, 162-ე მუხლის გამოყენება იურიდიულად უსაფუძვლოა, რადგან ინციდენტის დროს წინასაარჩევნო პერიოდი ჯერ დაწყებული არ იყო.
„თეორიულად შეულებელი იყო რომელიმე აღკვეთის გამოყენება, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა სამართლებრივი ნორმა, უბრალოდ, არ არსებობს... ეს ნორმა იღვიძებს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო 27 აგვისტოს, ფაქტი მოხდა 11 აგვისტოს“, - განაცხადა გვარამიამ.
მისივე შეფასებით, მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოუყენებლობა პრაქტიკულად საქმის შეწყვეტის ტოლფასია, ვინაიდან სასამართლომ საქმეში დანაშაულის შემადგენლობა ვერ დაინახა.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ცოტნე მირცხულავამაც, რომელმაც მიმდინარე პროცესი პოლიტიკურ დევნად შეაფასა: „რა აბსურდის თეატრთან გვქონდა საქმე, ყველამ კარგად იცის, მაგრამ დღეს, ყველასთვის გასაკვირად, მოსამართლემ ობიექტურობა გამოავლინა... ეს არის პოლიტიკური დევნა, ივანიშვილის რეჟიმი ბოლო წლებში უფრო აქტიურად ცდილობს პროტესტში ჩართული მოქალაქეების განეიტრალებას და მათ შეშინება-დაშინებას“.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 1-ელ ოქტომბერს ჩაინიშნა. პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს სულხან-საბა ნიკოლეიშვილის მიმართაც, რომელსაც უშუალოდ ნიკა მელიაზე თავდასხმა ედება ბრალად.
