სამტრედიაში, მიტოვებულ ფერმაში, ადამიანის ამპუტირებული ნაწილები იპოვეს

ქალაქ სამტრედიასთან ახლოს, სოფელ მელაურში, მიტოვებული ფერმის ტერიტორიაზე, ადგილობრივებმა დიდი ოდენობით ქირურგიული ნარჩენი, მათ შორის, ადამიანის სხეულის ამპუტირებული ნაწილები აღმოაჩინეს. დაკავებულები არიან კერძო კომპანიის დირექტორი და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ-ის თანამშრომელი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მთელი სოფელი შეშფოთებულია. ასეთი ამბავი, ვანდალური ამბავი ხდება. ქირურგიული ნარჩენებია დაყრილი, სავსეა მთელი ფერმა და ეპიდემიის დიდი საშიშროებაა. როდის გაიტანენ?! ერთ თვეზე მეტია ყრია, რაც ჩვენ ვიცით“, - უთხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტელეკომპანია „პირველს“.

ტელეარხის ცნობით, სოფლის მცხოვრებლების ყურადღება თავდაპირველად მძაფრმა სუნმა მიიქცია, მოგვიანებით კი შემთხვევით იპოვეს ადამიანის ძვლები, რომლებიც ძაღლებმა გამოიტანეს.

„პირველი“ იუწყება, რომ შესაბამისი უწყებები პრობლემით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ადგილობრივებმა მედიას ეპიდემიის საფრთხის შესახებ აცნობეს.

გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირია დაკავებული.

პროკურატურის თანახმად,  გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ეკო მედიკალ ჯგუფის“ და შპს „ეკოლოგია და სუფთა გარემოს“ დირექტორმა ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობაში, მოაწყო სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი, სადაც დროებით განათავსა დიდი რაოდენობით ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენები.

თბილისში რეგისტრირებული ამ ორივე კომპანიის დირექტორი  ელგუჯა კიკაჩეიშვილია. კიკაჩეიშვილთან ერთად დაკავებულები არიან მისი თანამშრომელი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრში დასაქმებული პირი.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.