„სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე

„ტექნიკური საკითხია, რომ შენ გიწევს ან არ გიწევს რიგში დგომა ვიზასთან დაკავშირებით. ეს [უვიზო რეჟიმი] არის არაეგზისტენციური საკითხი ადამიანისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძემ „სამარცხვინო სპეკულაცია“ უწოდა ჟურნალისტის კითხვას იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც უვიზო რეჟიმის პირობებში ევროკავშირის ქვეყნებში სამეციდინო სერვისების მისაღებად მიდიან.

„უამრავი ქვეყანაა, სადაც შეგიძლია... გუშინაც, თქვენმა კოლეგამ იგივე ე.წ. არგუმენტი თქვა.

სამედიცინო დახმარება თუ გინდა კონკრეტული მიმართულერბით მიიღო, მაღალი ხარისხით, სხვა ქვეყნებიც არის. ეს ცარიელი, თითიდან გამოწოვილი ამბავია, ამიტომ ეს არის სპეკულაცია.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ეს არის ტექნიკური საკითხი - შენ გიწევს რიგში დგომა, ან არ გიწევს ვიზასთან დაკავშირებით. ახლა, რა არის ეგზისტენციური საკითხები. ეს არის, მაგალითად, მშვიდობა, სტაბილურობა. პირველი გამჭვირვალობის კანონი, გრანტების შესახებ კანონი, „ფარას“ კანონი - სამივე კანონი არის მიმართული სტაბილურობის დაცვისკენ. სტაბილურობა თუ არ გვექნება ქვეყანაში, მერე გინდა უვიზოდ წადი სხვა ქვეყანაში, გინდა ვიზით. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს კანონები თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის დაცვისკენ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მიმდინარე კვირაში ევროკომისიამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გაუგზავნა წერილი და ვადა აგვისტოს ბოლომდე მისცა „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში მოცემული 8 რეკომენდაციის შესასრულებლად.

რეკომენდაციებს შორისა ნებისმიერი იმ კანონის გაუქმება, რომელიც ზღუდავს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ შესახებ კანონი, ასევე საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

ეს რეკომენდაციები ჯერ კიდევ 2024 წლის 6 დეკემბერს არის გაცემული. ევროკომისია წერილში მიუთითებს, რომ „ქართული ოცნებას“ ხელისუფლების მიერ „შესაბამისი ქმედებების“ არ განხორციელების გამო, 2025 წლის იანვარში, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება ნაწილობრივ შეაჩერა და დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმი დაასრულა.

ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შემდეგი ანგარიშის ფარგლებში შეაფასებს, რის საფუძველზეც, დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა ვიზის შეჩერების მექანიზმი გაააქტიუროს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.