„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც შესაძლებელს ხდის საქსტატის აღმასრულებელ დირექტორად ერთი და იგივე პირი ორზე მეტი ვადით დაინიშნოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 მარნეულის ბაზარში სროლის შედეგად დაჭრილი 26 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
კერძოდ, მოქმედი კანონიდან ამოღებულ იქნება მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ორზე მეტი ვადით.
„კანონის ეს ჩანაწერი ზღუდავს უწყებაში გამოცდილი და ამავე დროს, ეფექტიანი ხელმძღვანელის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა კანონპროექტის წარდგენისას.
მაჭავარიანის მტკიცებით, კანონში ცვლილება ემსახურება საქსტატის „ინსტიტუციურ სტაბილურობას, გამოცდილი ხელმძღვანელის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების სრულად გამოყენებას და უწყების საქმიანობის უწყვეტობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემთა მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად“.
ამჟამად საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას გოგიტა თოდრაძე იკავებს. ის მეორე ვადით 2022 წელს, პრემიერ-მინისტრმა დანიშნა და ოთხწლიანი უფლებამოსილება მიმდინარე წლის მაისში ეწურება.
ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის, მალხაზ თორიას შეკითხვას, რატომ იცვლება კანონი „კონკრეტული ვადის ამოწურვის წინ“ და „ხომ არ არის ეს მორგებული კონკრეტულ პირზე“, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა უპასუხა:
„ვინაიდან ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის თანამდებობა, მაქედან გამომდინარე ის შეზღუდვა, რომელიც ზოგადად დემოკრატიულ პრონციპებს ახასიათებს - პრეზიდენტის ვადა, პრემიერის ვადა, დემოკრატიულ ქვეყნებში რაც არის - უნდა გავმიჯნოთ, ვინდაიდან ეს [საქსტატის ხელმძღვანელი] არც ძალაუფლებას არ ფლობს ისეთს, როგორსაც ფლობს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და ა.შ., არც პოლიტიკურ აქტივობაში იღებს მონაწილეობას და არც პოლიტიკური შინაარსის არანაირი თანამდებობა არ არის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქსტატის ფუნქციაა სწორად ასახოს მონაცემები და „შემდეგ ეს მონაცემები უნდა მიიღონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი“.
„საქართველოსთვის“ კიდევ ერთმა წევრმა, შალვა კერესელიძემ იკითხა, ხომ არ ემსახურება „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილება არა საქსტატის ინსტიტუციურ გაძლიერებას, არამედ პოლიტიკურ მარყუჟებში მოქცევას, რათა ეს პოზიცია გახდეს მართვადი.
„სწორედ მონაცემების სწორად აღრიცხვასა და გამოქვეყნებაში მას [საქსტატის ხელმძღვანელს] აქვს ძალიან დიდი როლი და ის პოლიტიკურად არ უნდა იყოს დამოკიდებული არცერთ პარტიაზე, პირველ რიგში კი მმართველ პარტიაზე“, - განაცხადა კერესელიძემ.
ლევან მაჭავარიანმა საქსტატის ხელმძღვანელის მიკერძოებულობის რისკი გამორიცხა. მისი თქმით, „ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ვინაიდან სტატისტიკას მიკერძოებულად ვერ აწარმოებ“.
კანონპროექტი „ქართული ოცნების“ წევრებისგან თითქმის მთლიანად დაცლილ დარბაზში განიხილეს. საბოლოოდ მას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 10-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. ცვლილება საბოლოოდ მესამე მოსმენის შემდეგ დამტკიცდება.
დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, რომელმაც სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა: „საქსტატი და მისი უფროსი „ოცნების“ მთავრობის პოლიტიკური მომსახურეა. იგი აყალბებს მონაცემებს, ზრდის მშპ-ს და ამცირებს ინფლაციის მაჩვენებლებს, მანიპულაციებს ეწევა სხვა მიმართულებითაც. ასეთი ახალი კადრის გამოზრდას დრო სჭირდება, თანაც სადაა გარანტია, რომ არ გიმტყუვნებს. აგერ ეს კაცი კი 8 წელიწადია მონურად ემსახურება პარტიას. დაიმსახურა პერსონალური კანონის მიღება“.
