სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სახალხო დამცველმა მსჯავრდებული სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 28 ნოემბერს მოინახულა. ლომჯარიას თქმით, არ ელოდა, სიტუაცია ასეთი მძიმე რომ იქნებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
„მე კონკრეტულ დიაგნოზს ვერ დავსვამ, მაგრამ პირადად ვიხილე ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფი. ისეთ მდგომარეობაში, რომელიც მე პირადად ვერ წარმომედგინა, რომ სიტუაცია ასეთი მძიმე იქნებოდა. არ ველოდი, რომ იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად ასე დასუსტებული და თავად ექიმებიც ადგილზე აღიარებენ, რომ მისი დინამიკა ნევროლოგიური მიმართულებით, თუ სხვა მიმართულებით არის ნეგატიური, ანუ გაუმჯობესება არ შეინიშნება. აქვს მკვეთრი შემცირება წონაში, არ შეუძლია მოძრაობა, სიარული, უჭირს საუბარი, არის უენერგიოდ, აქვს სიცხეები და არ ვიცი, რა ჰქვია დიაგნოზით ამ მდგომარეობას, მაგრამ მე ვნახე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი“, - აღნიშნა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებაზეც, რომელმაც გუშინ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს სთავაზობენ, უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს და მისი მკურნალობის პროცესში ჩართოს:
„საქართველოს კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება და შეუძლებელია გაუმჯობესდეს საპატიმრო პირობებში ან შეუთავსებელია საპატიმრო პირობებთან, ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს, მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ. შესაბამისად, სხვა ალტერნატივები, რაზეც გუშინ მსჯელობა იყო, მე არ ვიცი, ეს რა სამართლებრივ ფორმებში ჯდება. კარგია თუ უცხოელ ექიმებს შეუშვებენ, ეს ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ სამართლებრივად ეს არის გზა. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ამ ორ საკითხზე მსჯელობს. შესაბამისად, სასჯელისგან გათავისუფლება იქნება, თუ გადავადება, ორივე შემთხვევაში, აქ უკვე პატიმარს თავად შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. საქართველოში მკურნალობას თუ საზღვარგარეთ მკურნალობას გააგრძელებს, ეს მისი გადასაწყვეტია“.
ნინო ლომჯარიას თქმით, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის აპარატი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნას მიიღებს, რომელსაც ცენტრი „ემპათია“ ატარებს, თუ სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით ან სხვა უწყებებს შესაბამისი რეკომენდაციით.
„ეს გაგვიკეთებია ანალოგიურ შემთხვევებში და არ გამოვრიცხავთ, რომ თუ საჭირო გახდა ასე მოვიქცეთ. დღეს, ამ წუთას სამართლებრივად ექსპერტული მტკიცე საფუძვლები, რომ ასეთი დასკვნა მოვამზადო არ მაქვს, რადგან ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის გამოქვეყნებული“, - თქვა ლომჯარიამ.
28 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა სააკაშვილის სასამართლოში ტრანსპორტირებაზე უარი თქვეს.
ცენტრი „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ინტოქსიკაციაა და შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალება ნებისმიერ მომენტში.
