საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევების ფაქტს მხოლოდ მედიის კითხვის შემდეგ გამოეხმაურა. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მას აუცილებლად ექნება შესაბამისი შეფასება, თუმცა მანამდე საკითხის სამართლებრივი შესწავლაა საჭირო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 2 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პატრიარქი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია - ილია II საავადმყოფოში მასიური სისხლდენით გადაიყვანეს
„შეფასება ამაზე აუცილებლად გვექნება, რადგან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას - ვგულისხმობ სამართლებრივ კვლევას და, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ცნობილი გახდება. [...] ალბათ, მეტის თქმას მაშინ შევძლებ, როდესაც კონკრეტულად შევისწავლით, რამდენად სწორად მოხდა მისი საქართველოდან გაძევება“, - განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველის აპარატს პასიურობის გამო აკრიტიკებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს როგორც საქართველოში, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
„უმძიმეს, აშკარა და დემონსტრაციულ კონვენციურ დარღვევაზე სახალხო დამცველს 10 დღის შემდეგაც არ აქვს შეფასება. არცერთი პოსტი თუ განცხადება არ იძებნება მის ვებგვერდზე და ახლა ამბობს, რომ პოზიცია მომავალში ექნებათ. ნორმალურია ეს? საერთოდ თუ ესმით ამ ოფისში, რას ნიშნავს მყისიერი და დროული რეაგირება უფლების დარღვევის ფაქტებზე, როგორც მუშაობის პრინციპი (modus operandi)? [...]
ახლა, როცა უფლებადამცველთა ქსელი რეჟიმის მიერ ასე დაზიანებული და დასუსტებულია, უნდა მუშაობდეს სახალხო დამცველი ასეთი დაყოვნებითა და პასიურობით?“ - აცხადებს მიქელაძე.
აფგან სადიგოვი თბილისში 4 აპრილის ღამეს დააკავეს. ოფიციალურ საბაბად სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ის იმავე ღამეს გაასამართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გადაწყვეტილება ღამის 04:00 საათზე გამოაცხადა.
სასამართლომ სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო, 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა მისი დაუყოვნებელი გაძევების შესახებ. ამასთან, ჟურნალისტს საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა. სადიგოვი აზერბაიჯანულ მხარეს „წითელი ხიდის“ გამშვები პუნქტის გავლით იმავე დღეს გადასცეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ჟურნალისტის გადაცემას თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა. ქართულმა მხარემ ეს მოთხოვნა თავდაპირველად დააკმაყოფილა, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა არაადამიანური მოპყრობისა და პოლიტიკური დევნის რეალური საფრთხის გამო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს აკრძალვა მხოლოდ სისხლისსამართლებრივ ექსტრადიციას ეხებოდა. უწყების მტკიცებით, ვინაიდან აზერბაიჯანმა 1-ელ აპრილს სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, მისი დეპორტაცია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს აღარ ეწინააღმდეგებოდა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ საქმეში იკვეთება „სამართლებრივი ფორმების ბოროტად გამოყენების ტენდენცია“. ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფომ ექსტრადიციის აკრძალვა ფაქტობრივად ჩაანაცვლა გაძევების პროცედურით, რითაც ფორმალურად კანონიერების ილუზია შეინარჩუნა, თუმცა არსობრივად საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები დაარღვია.
