სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 2 სექტემბერს დაკავებულთა ნაწილს დაზიანებები ჰქონდა

სახალხო დამცველის რწმუნებულები რუსთაველის გამზირზე დაკავებულთაგან 11 პირს შეხვდნენ. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფის და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რამდენიმე მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე“, - სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რწმუნებულები დაკავებულთა მონახულების მიზნით ვიზიტებს აგრძელებენ, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე კი შესაბამის სამართლებრივი რეაგირებას განახორციელებენ.

სახალხო დამცველი შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ საპოლიციო მოქმედებების განხორციელების დროს გამოყენებული ძალა უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი.

„საგულისხმოა, რომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას პროპორციული ძალის გამოყენების საკითხი ასევე პრობლემურია საერთო სასამართლოების შენობებში, სადაც შესაძლოა, მანდატურთა მხრიდან ადგილი ჰქონდეს მოქალაქეთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას. აპარატი დამატებითი შესწავლისა და მანდატის ფარგლებში შეფასების შემდეგ ამ საკითხზეც მოახდენს რეაგირებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთი დაკავებულზე - „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილზე, ანა ჩრდილელზე. პროპაგანდისტულმა მდიასაშუალებებმა ახალგაზრდა ქალის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია და მისი დისკრედიტაცია სცადეს.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალური ქსელებისა და მედია პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის, პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიერ აქციის ერთ-ერთი მონაწილის (სავარაუდო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქის) შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება უხეშად არღვევს პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და ხელყოფს ადამიანის ღირსებას. ამასთან, აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს და ახალისებს დისკრიმინაციას.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებს, საჯარო პირებსა თუ მედია საშუალებებს, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებების გავრცელებისგან“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გუშინ, 2 სექტემბერს, პარლამენტტან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებდნენ. მათი ნაწილი, 20-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციელებმა ქალები ათრიეს და მათ მიმართ ძალა გამოიყენეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.