დღეიდან, 2026 წლის 1-ელი მაისიდან, საქართველოს ტურიზმის სექტორში ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომელიც უცხოელი გიდების მუშაობას მკაცრ ჩარჩოებში აქცევს და მათ საქმიანობაზე წლიურ კვოტებს აწესებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 20 თებერვალს მიღებული დადგენილებით, გიდების მომსახურებასთან დაკავშირებულ შრომით საქმიანობაზე წლიური კვოტა „0“-ით განისაზღვრა. ეს იმას ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გიდად ლეგალურად ვეღარ იმუშავებენ. აკრძალვა თანაბრად ეხება როგორც ადგილობრივ კომპანიებში დასაქმებულებს, ისე თვითდასაქმებულ პირებს.
კანონის დამრღვევთათვის საკმაოდ სოლიდური ჯარიმებია გათვალისწინებული. უცხოელი, რომელიც მუშაობის უფლების გარეშე განახორციელებს გიდის საქმიანობას, 2 000 ლარით დაჯარიმდება. ანალოგიური ოდენობის ჯარიმა დაეკისრება დამსაქმებელსაც, რომელიც ასეთ პირს სამუშაოზე აიყვანს. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის თანახმად, სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება, ხოლო შემდგომი დარღვევა მის გასამმაგებას გამოიწვევს.
თუმცა, რეგულაცია გამონაკლისს უშვებს სპეციფიკური და მაღალი რისკის შემცველი მიმართულებებისთვის. კერძოდ, სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლებისთვის წლიური კვოტა 200 ადამიანით განისაზღვრა. ამ სფეროს სპეციალისტებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, საქართველოში ლეგალურად დასაქმდნენ გამოყოფილი ლიმიტის ფარგლებში.
ახალი წესების აღსრულებასა და მუდმივ მონიტორინგზე პასუხისმგებლობა შრომის ინსპექციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრათ.
ქართველი გიდების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას წლებია ელოდა. მათი განმარტებით, ბაზარზე უცხოელი (განსაკუთრებით რუსი) გიდების უკონტროლო ზრდამ ადგილობრივი კადრები დააზარალა. გარდა ამისა, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც უცხოური კომპანიები ტურისტებს სთავაზობდნენ ე.წ. „სრულ პაკეტს“ - საკუთარი ტრანსპორტით, გიდითა და განთავსებით, რის გამოც ქვეყანა ტურიზმიდან პოტენციური შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი სექტორი ცვლილებას მიესალმება, მთავარ გამოწვევად კვლავ აღსრულების მექანიზმი რჩება. გიდების საზოგადოებაში ჩნდება კითხვები - რამდენად ეფექტურად შეძლებს სახელმწიფო არალეგალების იდენტიფიცირებას და იქნება თუ არა რესურსი საკმარისი იმისათვის, რომ კანონი მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს და რეალურად დაიცვას ადგილობრივი ბაზარი.
