უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა. ზელენსკის შესაბამისი ბრძანება 2026 წლის 26 იანვრით თარიღდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 5 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 6 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
მიხაილო ბროდოვიჩი კარიერული დიპლომატია. მან უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1996 წელს დაიწყო. დიპლომატიური სამსახურის პერიოდში თურქეთში, სტამბოლში უკრაინის გენერალურ საკონსულოში კონსულად მუშაობდა, შემდეგ კი პოლონეთში, კრაკოვში გენერალურ საკონსულოს ხელმძღვანელობდა. 2015 წლიდან 2022 წლამდე ბროდოვიჩი სლოვენიაში უკრაინის ელჩი იყო.
უკრაინის დიპლომატიურ მისიას თბილისში თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელი არ ჰყავდა. ელჩის ფუნქციებს უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულები ასრულებდნენ. 2025 წლის დასაწყისიდან ამ თანამდებობას რომან იაკოვენკო იკავებდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვი 2022 წლის 1-ელ მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, კონსულტაციებისთვის გაიწვია, რის მიზეზადაც საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის დახმარების მსურველი მოხალისეების დაბრკოლება და სანქციების მიმართ „ამორალური პოზიცია“ დაასახელა. იმავე წლის ივნისში დოლგოვი ოფიციალურად გათავისუფლდა ელჩის თანამდებობიდან.
საქართველოს უკრაინაში ელჩი 2023 წლის ივლისიდან აღარ ჰყავს. 4 ივლისს, ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დაიბარეს და მკაცრი პროტესტი გამოხატეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის „მნიშვნელოვანი გაუარესების“ გამო. ქართველ დიპლომატს განუცხადეს, რომ „მიხეილ სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია“ და „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის შეურაცხყოფა“. გიორგი ზაქარაშვილს უკრაინის დასატოვებლად 48-საათიანი ვადა მიეცა. ქართულმა მხარემ ეს გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმად შეაფასა. სამინისტრომ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა“.
