საქართველოში თოვლიანი ამინდი 3 იანვრამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.

პროგნოზის მიხედვით, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.

1-2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, –  ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, თბილისში 31 დეკემბერს, დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლ-ჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 1-ლი იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,+2, დღისით +5, +7 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით — 0,-2 გრადუსი, ღამით -5,-7, დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება -8,-10, დღისით -3,-5 გრადუსი.

ქართლ-კახეთში ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) - თოვლი და ქარბუქი. თოვლი და ქარბუქი მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებშიც (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო).

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.