საქართველოს შსს უარყოფს რუსეთიდან ერთ დღეში 20 ათასი მოქალაქის შემოსვლას

ფოტო Reuters, არქივიდან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ცნობებს, თითქოს ბოლო 24 საათში ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ცნობები ე.წ. „რეკორდული“ მგზავრთნაკადის შესახებ თავდაპირველად რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა გაავრცელა. მათი მტკიცებით, 18 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა და მსგავსი დინამიკა უკვე რამდენიმე დღეა ფიქსირდება.

„ტურისტული ნაკადის მაღალ ინტენსივობას თან ახლავს მსუბუქი ტრანსპორტის რეკორდული რაოდენობა. საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები იღებენ ყველა საჭირო ზომას სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი გატარებისთვის. მორიგე ცვლები გაძლიერებულია, მობილიზებულია მეტი თანამშრომელი, რაც გამტარუნარიანობის გაზრდისა და ტრანსპორტის ოპერატიულად გაფორმების საშუალებას იძლევა“, - ვკითხულობთ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც Telegram არხზე 19 აგვისტოს, დღის ბოლოს გამოქვეყნდა.

მიუხედავად რუსული მხარის განცხადებებისა, საქართველოს შსს-მ განსხვავებული მონაცემები გამოაქვეყნა.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს... ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7 880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ხოლო ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8 406-მა მოქალაქემ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ლარსის მიმართულებით გაზრდილი ყურადღება და გავრცელებული ცნობები პირდაპირ უკავშირდება რეგიონში არსებულ დაძაბულობასა და მედიაში აქტიურად განხილულ თემებს.

ივლისის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი შემოდგომაზე მობილიზაციის ახალ, ფართომასშტაბიან ტალღას ამზადებს.

ეს პროცესი სავარაუდოდ სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ დაიწყება.

საზოგადოებას კარგად ახსოვს 2022 წლის სექტემბერი, როდესაც „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მრავალკილომეტრიანი რიგები და უპრეცედენტო მასშტაბის მიგრაციული ნაკადი შეიქმნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.