ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის შიდა ბრძოლა მიმდინარეობს, საქართველოა. ამის შესახებ სენატორმა 26 აპრილს, კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის მოსმენის დროს განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
„აშკარად ჩანს, რომ საქართველოს ხალხს სურს დასავლეთისკენ, ევროპისკენ გაიხედოს, მათ სურთ დემოკრატია. მე და სენატორი რიში იქ ვიმყოფებოდით 2012 წელს, არჩევნებზე დასაკვირვებლად, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.
სენატორმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები „ერთ-ერთ განმსაზღვრელ შესაძლებლობად“ მოიხსენია და თქვა, რომ შეერთებულ შტატებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ექნება ამ არჩევნების მხარდაჭერაში. მან სამანტა პაუერს ჰკითხა, გეგმავს თუ არა, USAID-ი საქართველოს მხარდასაჭერად გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში ჩართვას.
„მე ჯერ არ ვიცი როგორი იქნება პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც ბოლო დროს დარეგისტრირდა, უკიდურესად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, უკანდახევა გვაჩვენებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეს და მოქალაქეების ძალას, გაამყარონ საკუთარი კურსი ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. ვფიქრობ, ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გააგონონ მათი ხმა და მე ვფიქრობ, რომსავარაუდოდ, ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, - თქვა სამანტა პაუერმა.
სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს და იმედი გამოთქვა, რომ თუ USAID-ს დამატებითი დაფინანსება დასჭირდება გრძელვადიან მისიაში ჩასართავად, ის ხელმისაწვდომი იქნება.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამერიკელ სენატორს შეფასებებში კატეგორიულად არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ის კარგად არ არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ დღეს, საქართველო ისე, როგორც არასდროს, დემოკრატიული ქვეყანაა.
სენატორი შაჰინი საქართველოში ბოლოს თებერვალში იმყოფებოდა, რა დროსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე თბილისში ყოფნის დროსაც ისაუბრა.
