რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც აპირებს, საქართველოსთან კავშირების ნორმალიზაციაზე იმუშაოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში გალუზინმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს „სააკაშვილის რეჟიმის“ ინიციატივით გაწყდა, აღდგენის შესაძლებლობა კი „ექვემდებარება პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც რეგიონის ახალ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდიან“.
„დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, ჩვენი მხრივ ვაპირებთ, მომავალშიც შევუწყოთ ხელი საქართველოსთან კავშირების ნორმალიზაციას“, - განაცხადა მიხაილ გალუზინმა.
რუსმა დიპლომატმა რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთქმედების პოზიტიურ დინამიკაზეც ისაუბრა.
„საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების რთული პერიოდი, რომელიც გამოწვეული იყო 2019 წელს ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით, დაძლეულია.
საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიან ვიზიტებზე 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი გასულ წელს გაუქმდა და განახლდა პირდაპირი ავიამიმოსვლა. ეს ნაბიჯები დადებითად მიიღო მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. რუსეთის პრეზიდენტის 2023 წლის 10 მაისის განკარგულებების შესრულებამ გაამარტივა პირობები ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობისთვის, ხელი შეუწყო საქმიან წრეებს შორის კონტაქტების გააქტიურებას, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვთარებას“, - აღნიშნა გალუზინმა.
მისივე თქმით, გასულ წელს რუსეთიდან საქართველოს 1.4 მილიონზე მეტი სტუმარი ეწვია.
„რუსები უზრუნველყოფენ საქართველოს ეკონომიკის ტურისტული სექტორის შემოსავლის მეოთხედს.
შეიქმნა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭო და უკვე გაიმართა ხუთი სხდომა. პირდაპირი ავიარეისების სიხშირე და გეოგრაფია კვლავ იზრდება - ორი რუსული და ერთი ქართული ავიაკომპანია კვირაში ჯამში 60-ზე მეტ რეისს ასრულებს რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის.
ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შორის ბოლო სრულფორმატიანი შეხვედრა 2021 წლის ნოემბერში შედგა. მას შემდეგ ისინი კონტაქტს დისტანციურად ინარჩუნებენ. კერძოდ, ეს ეხება საქართველოს სამხედრო გზის - ჩვენს ქვეყნებს შორის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო არტერიის - შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხებს“.
საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 2 სექტემბერს გაწყვიტა. ეს აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ ცნობის შემდეგ მოხდა. ქართული მხარე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პირობად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას ასახელებს.
