რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციის, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ უბიძგებს, „ქართული ოცნება“ კი ცდილობს, პაიკი არ იყოს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ხელში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
„აშშ და ევროკავშირი ცდილობენ თბილისი ცრუ დილემის წინაშე დააყენონ: ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს, სუვერენული პოლიტიკის აწარმოოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისაკენ და რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვისკენ უბიძგებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი ესმის და განაგრძობს წინსვლას“, - განაცხადა ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-სთან ინტერვიუში.
სერგეი ლავროვმა რუსეთის საზღვრებთან „ფერად რევოლუციებზეც“ ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის უახლოესი მეზობლების საქმეებში ჩარევა დიდი ხანია დასავლელი პოლიტიკოსების „საგარეო პოლიტიკური არსენალის ნაწილია“.
ლავროვმა აღნიშნა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ორმაგი სტანდარტების გამოყენების შედეგია, „როდესაც, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი წარმოსახვითი ზრუნვის საბაბით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადათამაშდეს არჩევნების შედეგები, რომლებიც აღიარებულია როგორც თავისუფალი, თუნდაც ისეთი შელახული რეპუტაციის მქონე სტრუქტურის მიერ, როგორიც ეუთო/ოდირია“.
„რატომ არის საჭირო ხელახლა გათამაშება? მხოლოდ იმიტომ, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში მეთოჯინეებს არ მოეწონათ ხალხის არჩევანი“, - თქვა სერგეი ლავროვმა.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ შეუფასებიათ როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობის გავლენის, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და ამომრჩეველებზე ზეწოლის შესახებ სერიოზული შეშფოთების ფონზე, რამაც არჩევნების დღის პრაქტიკასთან ერთად, საფრთხე შეუქმნა ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობას, ხმა მიეცა შურისძიების შიშის გარეშე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო დელეგაცია აცხადებს, რომ არსებობს სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე, საარჩევნო გარემო უზრუნველყოფდა თუ არა აუცილებელ პირობებს სამართლიანი არჩევნებისთვის. „ჩვენი დასკვნები, რომელიც ეფუძნება წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღის დაკვირვებებს, ისევე როგორც არჩევნების შემდგომ ადგილობრივი დამკვირვებლების სანდო და თანმიმდევრულ ანგარიშებს, იწვევს შეშფოთებას არჩევნების შედეგების სისწორის შესახებ, კერძოდ, ნამდვილად ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას“, - ნათქვამია PACE-ს ანგარიშში.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) შეფასებით, არჩევნები ფუნდამენტურად ნაკლოვანი იყო და მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს.
