საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ვახო ბედოშვილი რუსულ კლუბ „პარი ნიჟნი ნოვგოროდში“ ითამაშებს. კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გუნდმა 21 წლის ქართველ ნახევარმცველთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის თბილისური კლუბ „ორბისგან“ შეიძინა. „ორბი“ აპირებს, რომ ფეხბურთელსა და „ნიჟნი ნოვგოროდს“ FIFA-ში უჩივლოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
„მივესალმებით ვახო ბედოშვილს ნიჟნი ნოვგოროდში. ფეხბურთელს ვუსურვებთ წარმატებებს, წინსვლას, მიღწევებსა და გამარჯვებებს ჩვენს გუნდთან ერთად“, - ნათქვამია რუსული კლუბის განცხადებაში.
შეკითხვას, რატომ აირჩია „პარი ნიჟნი ნოვგოროდი“, მაშინ, როდესაც მისით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ, ბედოშვილმა ასე უპასუხა:
„მთავარმა მწვრთნელმა დიდი როლი ითამაშა. ვიცი, რომ ალექსეი შპილევსკიმ „რედ ბულის“ სისტემა გაიარა, მას ახალგაზრდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, რომელსაც განვითარების პოტენციალი აქვს. ძალიან მიხარია, რომ ალექსეი ნიკოლაევიჩთან მუშაობის შესაძლებლობა მექნება, დარწმუნებული ვარ, რომ ის პროფესიულ განვითარებაში დამეხმარება.
„პარი ნიჟნი ნოვგოროდში“ გადასვლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ის, რომ ჩემი ნათესავები ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში ცხოვრობენ. ადაპტაციის პროცესი ჩემთვის უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ევროპულ კლუბში. ასევე მოვახერხე ინფრასტრუქტურის გაცნობა: სტადიონის, ბაზის ნახვა. ყველაფერმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. დარწმუნებული ვარ, რომ ნიჟნი ნოვგოროდში განვითარების ყველა პირობაა. ძალიან მიხარია, რომ „პარი ნიჟნი ნოვგოროდში“ გაწევრიანება გადავწყვიტე“.
ვახო ბედოშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში საქართველოდან ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა.
„უახლესი მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაა. მან რუსეთის პრემიერ ლიგაში თავი შესანიშნავად გამოავლინა, შემდეგ კი მსოფლიო ფეხბურთში შეაბიჯა, ითამაშა „ნაპოლიში“, პსჟ-ში და გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მისი მაგალითი შთამაგონებელია და მოტივაციას მაძლევს. ის აჩვენებს, რომ ამ გზის არჩევით ყველაფერი შესაძლებელია“, - ამბობს ბედოშვილი.
საფეხბურთო კლუბ „ორბის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვახო ბედოშვილს ხელშეკრულება 2026 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდა და ის რუსეთში კლუბის თანხმობის გარეშე გაემგზავრა.
„21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობის შემდეგ, ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება არაერთი ევროპული კლუბიდან მივიღეთ. ერთ-ერთ კლუბთან, ჩვენ და ფეხბურთელმა ერთობლივად შევათანხმეთ, როგორც სატრანსფერო, ასევე, შრომითი ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულებები მზად იყო ხელმოსაწერად. მომდევნო დღეს გავიგეთ, რომ ფეხბურთელი ჩვენი კლუბის თანხმობის გარეშე რუსეთში გაემგზავრა და მას შემდეგ, მასთან დაკავშირება შეუძლებელია.
რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ ფეხბურთელმა ცალმხრივად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ს.კ. „ორბთან“ და რეგისტრირდება რუსულ საფეხბურთო კლუბში - „ნიჟნი ნოვგოროდიში“, - ქართული საფეხბურთო კლუბი აცხადებს, რომ როგორც ფეხბურთელის, ასევე, „ნიჟნი ნოვგოროდის“ ქმედებები FIFA-ს რეგულაციებს არღვევს, რითაც „ორბის“ კანონიერი ინტერესები ილახება.
„შექმნილი მდგომარეობიდან გამიმდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ FIFA-ს შესაბამის ორგანოს და დავიწყოთ სამართლებრივი დავა ფეხბურთელის და რუსული კლუბის წინააღმდეგ“, - ნათქვამია „ორბის“ განცხადებაში.
ვახო ბედოშვილი „თბილისის დინამოს“ აღზრდილია. მან პროფესიონალური კარიერა 2022 წლიდან „ორბიში“ დაიწყო, ასევე, იჯარით თამაშობდა საგარეჯოს „გარეჯში“. მიმდინარე წლის ივნისში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ბედოშვილმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა.
