საქართველომ უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

თბილისში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძის განცხადებით, დეკლარაცია ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მიმართულებებით მყარ საფუძველს შეუქმნის. მისივე თქმით, ურთიერთობების გაძლიერება ხელს შეუწყობს რეგიონული სავაჭრო ნაკადების ზრდასა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას.

„მადლობას გიხდით საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის. ძალიან შთამბეჭდავია ის წინსვლა და პროგრესი, რასაც უზბეკეთმა თქვენი ლიდერობით მიაღწია. თქვენ გაქვთ ძლიერი ინსტიტუტები, სახელმწიფო სისტემა და ნათელი ხედვა ქვეყნის განვითარების მიმართულებით. თქვენ სამაგალითო ლიდერი ბრძანდებით,“ - მიმართა ირაკლი კობახიძემ შავკატ მირზიოევს.

უზბეკეთის პრეზიდენტმა  ქართულ-უზბეკური ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა „დიდ მიღწევად“ შეაფასა. როგორც მან თქვა, საქართველო უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში.

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის, მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი. დღეს საქართველო დამსახურებულად მიეკუთვნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს. რა თქმა უნდა, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა თქვენი ხელმძღვანელობით“, - განაცხადა მირზიოევმა.

სტრატეგიული დეკლარაციის გარდა, დელეგაციებმა რიგი დარგობრივი შეთანხმებები გააფორმეს: მემორანდუმები ეკონომიკის, ფინანსებისა და საბაჟო ადმინისტრირების შესახებ; შეთანხმება დიგიტალიზაციისა და ნებართვების ელექტრონული გაცვლის (E-Permit) სისტემის დანერგვაზე; შეთანხმება პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების შესახებ; დამტკიცდა კულტურული თანამშრომლობის 2027-2030 წლების პროგრამა. გაფორმდა მემორანდუმები სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, შრომითი მიგრაციისა და აღსრულების ბიუროებს შორის.

უზბეკეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველია, 1-3 ივლისს გაიმართა. მხარეებმა დასახეს ამბიციური გეგმა - სავაჭრო ბრუნვა, რომელიც გასულ წელს 270 მილიონი დოლარი იყო, მომდევნო წლებში 1 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო ლოგისტიკას. გეგმაშია ფოთისა და ბათუმის პორტების აქტიური გამოყენება და ლოგისტიკური ცენტრის შექმნა, სადაც უზბეკური პროდუქციის საგამოფენო სივრცეც განთავსდება. გარდა ამისა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის საელჩოს დაარსების შესახებ.

ვიზიტის დასასრულს, შავკატ მირზიოევი თბილისში უზბეკი პოეტის, ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.