საქართველომ და სომხეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
 - 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
 - 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
 - 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
 - 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
 - 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
 
„მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება. სავაჭრო ბრუნვამ უკვე გადააჭარბა მილიარდ დოლარს.
სომხეთი საქართველოსთვის რიგით მეექვსე სავაჭრო პარტნიორი და რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანაა.
გასულ წელს სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, - თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველო და სომხეთი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე ბოლო თვეების განმავლობაში მუშაობდნენ.
„ჩვენ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა ყველა მიმართულებით. დე ფაქტო ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და პარტნიორები. დღეს ეს მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ორივე ქვეყნის მთავრობები მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მან რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„დიდი ოპტიმიზმითა და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს. მინდა, გამოვთქვა ჩვენი იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, სტაბილურობას შეუწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და ერებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია. დღესვე, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხვადასხვა დოკუმენტს მოაწერეს ხელი, მათ შორის, გააფორმეს მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
																
                  