საქართველომ და აზერბაიჯანმა უარი თქვეს, მონაწილეობა მიიღონ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 სესიაში, რომელიც 28-30 ოქტომბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
„სულ უფრო მეტად ვართ შეშფოთებულები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“, – წერს წერილში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა საპარლამენტო ფორუმია, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობისა და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. იგი შედგება ვროპარლამენტის დელეგაციისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში მონაწილე ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციებისგან. აზერბაიჯანისა და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც აქვთ.
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტარებს ცრუ, განზრახ დამახინჯებული და საქართველოში ძალადობის წამახალისებელი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.
„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის ზოგიერთი წევრი აკეთებდა ისეთ განცხადებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახალისებდა საზოგადოებრივ არეულობას, რადიკალიზაციასა და ძალადობას. აგრეთვე, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები და ანგარიშები კვლავაც უგულებელყოფენ ქართველი ხალხის დემოკრატიულად გამოხატულ ნებას“, – აღნიშნავს მახაშვილი.
ის ევრონესტს აკრიტიკებს იმის გამოც, რომ ერევანში დაგეგმილ სესიაში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვისაც ის „დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელებს“ უწოდებს.
„ქართული ოცნების“ პარლამეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიას „ფარსს“ უწოდებს. მისი თქმით, სესიაზე „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ ჰყავთ მიწვეული „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“ და „დროას“ პარტიის წევრები.
„ის ფაქტი, რომ ევრონესტის ამ სხდომაზე მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი - თავად მასპინძელი სომხეთი და, მის გარდა, უკრაინა, ესეც აჩვენებს თავისთავად, რომ რაღაც არ ხდება სწორად ევროპარლამენტის მხრიდან. მათ შორის ის ფაქტი, რომ ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა – აზერბაიჯანი და საქართველო არ იღებს მონაწილეობას ამ სხდომაში. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ არასწორია ქცევა“, – ამბობს პაპუაშვილი.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაციის ხელმძღვანელი ტაჰირ მირკიშილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობაზე უარის მიზეზად ევროპარლამენტის დოკუმენტებსა და განცხადებებს ასახელებს, რომლებიც, მისი თქმით, ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის უარი ამ სესიაში მონაწილეობაზე არ არის დაკავშირებული მის სომხეთში ჩატარებასთან: „დღეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა უკვე დამყარდა და ურთიერთობების ნორმალიზებისკენ პრაქტიკული ნაბიჯები იდგმება“, – განაცხადა მირკიშილიმ.
