საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ უსწრებს EU-ისა და ნატოს წევრებს – ყაველაშვილი

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წლევანდელი წელი გამოწვევებით სავსე იყო და „ქვეყნის მისამართით“ დაუმსახურებელი ბრალდებები ესმოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენი პრინციპული პოზიციის გამო, რომ საქართველო იცავს სუვერენიტეტს, საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის მისამართით მთელი რიგი დაუმსახურებელი ბრალდებები მოვისმინეთ. მოგვიწია, გავმკლავებოდით არაერთ გამოწვევას და დავპირისპირებოდით იმ მასშტაბურ კამპანიებს, რომლებიც საქართველოს და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესით ნამდვილად არ იყო ნაკარნახევი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, „ამგვარი გამოწვევების ფონზეც კი“, საქართველო „წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს“.

„სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები ადასტურებს, რომ თვლად და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს.

[...] ჩვენი საერთო მიზანია, საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცოს სამხრეთ კავკასიის მთავარი რეგიონული ჰაბის სტატუსი. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი უფრო დიდი გეოგრაფიული სივრცეების - აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ და მშვიდობიან ინტეგრაციას.

მოვუწოდებ თითოეულ თქვენგანს, ძალისხმევა არ დავიშუროთ სავაჭრო-სატრანზიტო კავშირების კიდევ გასავითარებლად.

ეს არა მხოლოდ გლობალურ დაკავშირებადობას შეუწყობს ხელს, არამედ საქართველოს დაუბრუნებს თავის ისტორიულ, ცივილიზაციური გზაჯვარედინის ფუნქციას.

საქართველო არა მხოლოდ შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი კვანძია, არამედ უნიკალური ცივილიზაციური დიალოგის სივრცეა, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურები მშვიდობიანად თანაარსებობდნენ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის თქმით, ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დაანახა, რომ „ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა“.

„პარალელურად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკაა. ამავდროულად, ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას იმ მიდგომის მიმართ, რომლის თანახმადაც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია.

დღეს, ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენი გზავნილი ერთმნიშვნელოვანია, საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფო.

ეს არის ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა და ჩვენი სახელმწიფოს არსებობის საფუძველი“, – თქვა ყაველაშვილმა.

მან დიპლომატებს მოუწოდა, იყვნენ თავდაჯერებულები, პრინციპულები და ერთიანები, რადგან „მხოლოდ ასეა შესაძლებელი საერთაშორისო ასპარეზზე მკაფიოდ გაისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მტკიცედ და ერთგულად იცავს სამშობლოსა და საკუთარი ხალხის ინტერესს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.