„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა, რა დროსაც განაცხადა, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში, I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმების ტარება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტესტურ რეჟიმში, შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, „ითვალისწინებენ“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა ოჯახი, რომელიც შეფასებულია 60 000 ქულით ან ნაკლებით, „სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით“.
გარდა ამისა, იგეგმება სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა. როგორც გივი მიქანაძემ თქვა, შესაბამისი წესი შემუშავდება და „მაქსიმალურად დაცული იქნება ბალანსი, რათა არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვს მშობელთან ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ დაერღვეს“.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მიერ დაანონსებული სხვა ცვლილებებია:
- სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. ბავშვი სკოლაში რეგისტრაცია მოხდება „საცხოვრებლის ტერიტორიულ პრინციპის“ მიხდვით. გივი მიქანაძის თქმით, „პირველ ეტაპზე, ეს მიმართულება განხორციელდება დიდ ქალაქებში და შემდეგ უკვე საჭიროებიდან გამომდინარე ქვეყნის მასშტაბითაც გავრცელდება“.
- საჯარო სკოლებში სწავლება 11-წლიანი იქნება. თუმცა მათთვის, ვისაც 12-წლიანი განათლება სურს, „სპეციალურ კლასს“ გახსნიან. „ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს. მათთვის მე-12 კლასი სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ“, - განაცხადა მიქანაძემ.
- სამინისტრო დაწერს „სრულიად ახალ სახელმძღვანელოებს“. გივი მიქანაძის თქმით, სახელმძღვანელოები უნდა დაინერგოს სტანდარტით - „ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში“. „აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელო და ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი ცნობადობა, ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და რაც მთავარია, გაზომვადობა იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მინისტრმა.
- მე-11, დამამთავრებელი კლასი გახდება „პროფილური“ და შემოიღებენ ე.წ. რეპეტიტორიუმს. გივი მიქანაძის თქმით, „ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე, ეს იქნება 1-წლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით, სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა“.
