საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ უქმდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, რომელიც 2005 წელს შეიქმნა, უქმდება. ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელი თემურ სუყაშვილი წერილს ავრცელებს, რომლითაც მას ერთი თვით ადრე აფრთხილებენ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. წერილის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის 29 მაისის ბრძანებით, 1-ელი ივლისიდან იგეგმება ცენტრის ლიკვიდაცია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 „ამ პროცესის (ლიკვიდაციის) დაწყების ბრძანების დამკვეთს, გამცემს თუ შემსრულებლებს რა ედარდებათ? მათ ხელშია ფული, ძალაუფლება და წვდომა რესურსებზე. მათ შეუძლიათ შვილების უდარდელი მომავალი უზრუნველყონ. იზოლაციონიზმის მიუხედავად, შეუზღუდავი რესურსებით ყველაფერი შესაძლებელია. აი ჩვენ რა ვთქვათ? როგორ ვუთხრათ შვილებს, მათი მომავალი თვალსა და ხელს შუა რომ მოგვპარეს?! გაურკვეველი, ბუნდოვანი მომავლისთვის რომ გაგვწირეს? როგორ აქციეს რუსთა თარეშის მოედნად ეს ქვეყანა? იმედია, ამ ზომიერი კრიტიკის გამო, დასაჭერად არ გამიხდება საქმე. ამაზე მეტი დასტური რაღა გინდათ, რომ ქვეყნის მესვეურები ბოლომდე აპირებენ  კურსი შეცვალონ და ევროკავშირისა თუ ნატოსკენ მიმავალი ყველა გზა ჩახერგონ“ - წერს თემურ სუყაშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიზანი ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან (ნატო) საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობისათვის ამომწურავი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ამით, მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება იყო. 2013 წლიდან ამ ამოცანას კიდევ ერთი მიმართულება დაემატა – ევროკავშირი და მის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული აქტივობები.

19 წლის განმავლობაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, თბილისის ცენტრალური ოფისის და 10 რეგიონული წარმომადგენლობის საშუალებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებდა.

ცენტრს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა თამარა წულეისკირი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მეუღლეა.

2023 წელს, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის განხილვისას, რომელსაც მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილმაც, თამარა წულეისკირმა Facebook-ში მოქალაქეებს მოუწოდა, ყველამ, ვინც მის ქმარს მოღალატეს უწოდებდა, სოციალურ ქსელებში მისი მეგობრების სია, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ნაცნობის სტატუსი დაეტოვებინათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.