საია: საქმე გვაქვს მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად კრიმინალური მეთოდების გამოყენებასთან

ფოტო © მარიამ ნიკურაძე / Facebook

უფლებადამცველი ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმაურება კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან 8 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებას, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდებიან თავდამსხმელები შეკრებილ დემონსტრანტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მხრიდან ქვეითად და გზის მხრიდან - ავტომობილებით. არაერთ ვიდეოში ასევე ნათლად ჩანს, როგორ ესხმიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ისე, რომ სახეზეა არა ორმხრივი შეტაკება ან აუცილებელი მოგერიება, არამედ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა“, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებზე, მათ შორის ქალებზე, ჟურნალისტებზე, ძალადობრივი, ფიზიკური და სიტყვიერი, თავდასხმები ხდებოდა პოლიციელთა თანდასწრებით, პოლიციას ეფექტიანი რეაგირება არ ჰქონია.

„სამართალდამცავებმა არ მიიღეს საჭირო ზომების ძალადობრივი ქმედებების შეჩერებისა და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად. პოლიციას ადგილზე არ დაუკავებია არც ერთი მოძალადე იმის მიუხედავად, რომ საჯარო წყაროებში გავრცელებული კადრების ანალიზი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციას აღეკვეთა ძალადობა, ცხელ კვალზე დაეკავებინა მოძალადე პირები.

პოლიციას არ დაუკავებია მოძალადეები, იმის მიუხედავად, როგორც კადრებში ნათლად ჩანს, მათ მიერ ნასროლი ნივთები, მათ შორის პოლიციელებს ხვდებათ. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ართმევს პოლიციელი კეტით შეიარაღებულ მოძალადეს ხელკეტს, რომლითაც იგი მანამდე დემონსტრანტს სცემდა. მოძალადე მას ეუბნება, რომ „მისიანია“ და პოლიციელი პასუხობს, რომ ხელკეტს „მანქანაში ჩადებს“.

კადრებში ჩანს, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულების და მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობისაგან დაცვის ნაცვლად, პოლიცია თავად მონაწილეობდა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში და აგინებს მას, რაც საგანგაშოა“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტზე თავდასხმას პოლიციის წარმომადგენლები ეფექტიანი რეაგირების გარეშე ტოვებენ. საია მიუთითებს, რომ მსგავსი ინციდენტები მოხდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროტესტების და 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგაც.

„მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები და საკუთარი განცხადებებით, ფაქტობრივად, დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა მოძალადეთა მიმართ. დიმიტრი სამხარაძემ საკუთარ ფეისბუქ პოსტში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ძალადობა დემონსტრანტების პროტესტზე საპასუხო შურისძიებას წარმოადგენდა. ძალადობის მსხვერპლებს დააკისრა პასუხისმგებლობა თბილისის მერმა კახი კალაძემაც, მათ შორის, გამოიყენა სექსისტური ენა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ქალებზე საუბრისას.

დემონსტრაციამ შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოს ის პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ იდეებს, რომელთა გავრცელებასაც მიზნად ისახავს დემონსტრაცია, თუმცა, მონაწილეებს უნდა შეეძლოთ დემონსტრაციის ჩატარება იმის შიშის გარეშე, რომ ოპონენტები მათზე ფიზიკურად იძალადებენ.

საპროტესტო აქციის დროს, სახელისუფლებო ძალაუფლების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს მათი მშვიდობიანი ჩატარება და მოქალაქეების უსაფრთხოება. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, ეფექტიანად დაიცვას ადამიანები მესამე პირების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებებისაგან და გადადგას გონივრული ნაბიჯები მესამე პირების მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის, როდესაც სახელმწიფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა ასეთი მოპყრობის შესახებ.

8 სექტემბრის მოვლენები დადასტურებაა, რომ „ქართული ოცნება“ განაგრძობს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევას. 8 სექტემბრის ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან „მოქალაქეთა დაპირისპირებასთან“, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

8 სექტემბერს, საღამოს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბი მდებარეობს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და პოლიციის მიერ ნებადართული. მომხდარის შედეგად აქციის არაერთმა მონაწილემ სხეულის დაზიანებები მიიღო, რამდენიმე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დაშავდა უნგრელი ჟურნალისტი ლასლო მესეშიც. ტელეფონები წაართვეს და ფიზიკურად იძალადებს ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ორ თანამშრომელზე. „ნეტგაზეთის“ თანახმად, მათ ჟურნალისტს დედა აგინა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე ხუტა პაჭკორიამ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.